The Washington Post-ი აშშ-ისა და მისი მოკავშირე ქვეყნების ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ირანი რუსეთისთვის მისაწოდებლად Fateh-110-ისა და Zofaghar-ის ტიპის რაკეტების პირველ პარტიას ამზადებს.
Fateh-110 და Zofaghar მოკლე დისტანციის ბალისტიკური რაკეტებია, რომლებსაც შეუძლიათ, სამიზნეებს 300 და 700 კილომეტრის მანძილზე მიაყენონ დარტყმა.
მანამდე, 11 ოქტომბერს პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა უკრაინაში ომისთვის ირანისგან 2400 კამიკაძე-დრონი შეუკვეთა. უკრაინის სამხედროები ყოველდღიურად ავრცელებენ ინფორმაციას ირანული წარმოების დრონების ჩამოგდების შესახებ.
შეერთებულმა შტატებმა ოთხ ირანულ კომპანიას და ერთ ფიზიკურ პირს ირანული დრონების შემუშავებისა და რუსეთში გაგზავნისთვის სანქციები დაუწესა.
Reuters-ის ცნობით, ევროკავშირის მინისტრები ასევე განიხილავენ ირანის წინააღმდეგ სანქციებს რუსეთისთვის დრონების მიწოდების გამო. ირანმა თავის მხრივ, უარყო რუსეთისთვის იარაღის მიწოდება.