ბელორუსის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ „ქვეყნის საზღვრების დასაცავად“, ბელორუსში თითქმის 9000 რუსი სამხედრო განლაგდება. მისივე განმარტებით, სამხედროები ადგილზე ძალების „რეგიონული დაჯგუფების“ ფარგლებში განთავსდებიან.
საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელმა, ვალერი რევენკომ განაცხადა, რომ სამხედროებმა ქვეყანაში ჩასვლა დაიწყეს დაიწყეს, ჯარების გადაადგილებას კი რამდენიმე დღე დასჭირდება.
ლუკაშენკომ 10 ოქტომბერს დაადასტურა, რომ რუსეთის ფედერაციასთან ერთად, ერთობლივ სამხედრო დაჯგუფებას ქმნის.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მიერ 9 ოქტომბერს გავრცელებული ინფორმაციით, ბელორუსის ექვსი ბატალიონი (დაახლოებით 6000 კაცი) უკრაინის საზღვართან არის განლაგებული.
მისივე ცნობით, ლუკაშენკოს რეჟიმი არის რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის მონაწილე უკრაინის წინააღმდეგ, რომელმაც ხელი შეუწყო რუსული ჯარების და სამხედრო მანქანების ტრანზიტს.