ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან და ნებისმიერი ჩვენგანი არის მზად, პასუხი აგოს, თუ რაიმე ბრალეულობა გამოიკვეთება, – ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ ვაკის პარკში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, მთავარი ინტერესია, დადგინდეს მიზეზები, რის გამოც უსაფრთხოების მექანიზმმა არ იმუშავა.
„ჩვენი მთავარი ინტერესია, მოხდეს მიზეზების გამოკვლევა, რატომ არ იმუშავა ამა თუ იმ უსაფრთხოების მექანიზმმა, რომელიც იყო ჩადებული პროექტში. ჩვენ სრულიად ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან და ნებისმიერი ჩვენგანი არის მზად, აგოს პასუხი, თუკი რაიმე ბრალეულობა გამოიკვეთება“, – განაცხადა ანდრია ბასილაიამ.
შეგახსენებთ, 13 ოქტომბერს სამი ბავშვი ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსატანად ჩავიდა. დენის დარტყმის შემდეგ ისინი კლინიკაში სასწრაფომ გადაიყვანა. ერთი მოზარდი კლინიკიდან 14 ოქტომბერს გაწერეს. მეორე მოზარდი კი, კლინიკიდან 16 ოქტომბერს გაეწერა.
13 წლის გოგო გარდაიცვალა.
- გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ელექტრო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ცნობისთვის, ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია 12 ოქტომბერს დასრულდა.