ვაკის პარკის „შადრევნის საქმეზე“ დაკავებული კომპანია „გრინსერვის+“-ის ხელმძღვანელი ლაშა ფურცხვანიძე თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს. ამის შესახებ ჟურნალისტებს მისმა ადვოკატმა მამუკა ბლიაძემ განუცხადა.
„ფურცხვანიძეს გაუკვირდა მისი დაკავების ამბავი, დღეში სამჯერ მიდიოდა პოლიციის სამმართველოში და თუ დასაკავებელი იყო მივიდოდა და ადგილზე დააკავებდნენ, მისთვის გაუგებარია, რატომ დააკავეს სამსახურის ეზოში. გამოძიებისთვის ჩვენება დეტალურად აქვს მიცემული და მომავალშიც გააგრძელებს თანამშრომლობას, თავის ბრალეულობას ამ საქმეში ვერაფერს ვერ ხედავს.
გაოგნებულია, არაფერი პრობლემა არ უნდა შექმნოდა მისი თანამშრომლების მიერ განხორციელებულ სამუშაოს. თითქოს ექსპერტები აიძულა და ზეგავლენა მოახდინა, რომ ყალბი დასკვნები გაეკეთებინათ, ეს ხომ აბსურდია“, - აღნიშნა მამუკა ბლიაძემ.
შეგახსენებთ, 13 ოქტომბერს სამი ბავშვი ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსატანად ჩავიდა. დენის დარტყმის შემდეგ ისინი კლინიკაში სასწრაფომ გადაიყვანა. ერთი მოზარდი კლინიკიდან 14 ოქტომბერს გაწერეს. მეორე მოზარდი კი, კლინიკიდან 16 ოქტომბერს გაეწერა.
13 წლის გოგო გარდაიცვალა.
- გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ელექტრო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ცნობისთვის, ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია 12 ოქტომბერს დასრულდა.