კახა კალაძე: ჩვენთვის მტკივნეულია, რომ ბრალდებულთა შორის არის მერიის თანამშრომელიც

ჩვენთვის მტკივნეულია, რომ ბრალდებულთა შორის არის მერიის თანამშრომელიც, მაგრამ სიმართლის დადგენა არის ერთადერთი, რასაც მცირედი შვების მოტანა შეუძლია. იმედი მაქვს, სიმართლე დადგინდება ყველას მიმართ და არ დარჩება არანაირი კითხვები“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, მთავრობის პირველ სხდომაზე განაცხადა

„ტრაგედიის დღიდან დაწყებული, მოსახლეობა ტელეეთერებიდან ისმენს სრულიად გამაოგნებელ განცხადებებს კონკრეტული პოლიტიკოსების მხრიდან. სამწუხაროა, რომ ქართულ პოლიტიკაში ჯერ კიდევ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, ამხელა ტრაგედიაც კი საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენონ. ამ თემაზე მეტს ვერაფერს ვიტყვი და მათ საქციელს საზოგადოება შეაფასებს.

რაც შეეხება იმ კამპანიურ აჟიოტაჟს, რომელიც ჩემი და ჩვენი თავგანწირული თანამშრომლის - დევი მეზურნიშვილის შეხვედრამ, ჩემ მიერ პატარა ლაზარეს მონახულებამ გამოიწვია, ეს, მეგობრებო, ჩემი ვალია, ჩემი ვალდებულებაა, არამხოლოდ როგორც ქალაქის მერის, არამედ, პირველ რიგში, როგორც ადამიანის, როგორც კაცის, როგორც ოთხი შვილის მამის.

კი, მე მოვინახულე, შევხვდი ამ ადამიანებს და კიდევ მოვინახულებ; მოვინახულებ ყველას, ვისი მადლიერიც ვარ და ყველას, ვინც ამ ტრაგედიით დაზარალდა; აუცილებლად შევხვდები მეგი ბანცაძეს, რომელმაც ლაზარე გადაარჩინა და მადლობას გადავუხდი; მადლობას გადავუხდი ყველას, ვინც ბავშვების გადარჩენაში წვლილი შეიტანა - თითოეულ ექიმს, ექთანს, ყველა ადამიანს. აქვე, ბოდიშს ვუხდი ანდრიას, რომ გუშინ ვერ შევძელი მისი ნახვა და ამ დღეებში მასაც აუცილებლად ვესტუმრები“, - განაცხადა კახა კალაძემ.


შეგახსენებთ, 13 ოქტომბერს სამი ბავშვი ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსატანად ჩავიდა. დენის დარტყმის შემდეგ ისინი კლინიკაში სასწრაფომ გადაიყვანა. ერთი მოზარდი კლინიკიდან 14 ოქტომბერს გაწერეს. მეორე მოზარდი კი, კლინიკიდან 16 ოქტომბერს გაეწერა.

13 წლის გოგო გარდაიცვალა. 

  • გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ელექტრო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ცნობისთვის, ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია 12 ოქტომბერს დასრულდა.