კალაძის თქმით, ტრაგედიის დღიდან მოყოლებული, მოსახლეობა კონკრეტული პოლიტიკოსების მხრიდან სრულიად გამაოგნებელ განცხადებებს ისმენს

ტრაგედიის დღიდან მოყოლებული, მოსახლეობა კონკრეტული პოლიტიკოსების მხრიდან, ტელეეთერებიდან სრულიად გამაოგნებელ განცხადებებს ისმენს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„ტრაგედიის დღიდან მოყოლებული, მოსახლეობა ტელეეთერებიდან ისმენს სრულიად გამაოგნებელ განცხადებებს კონკრეტული პოლიტიკოსების მხრიდან. სამწუხაროა, რომ ქართულ პოლიტიკაში ჯერ კიდევ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ცდილობენ ამხელა ტრაგედია საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენონ. ამ თემაზე მეტს ვერაფერს ვიტყვი, მათ საქციელს საზოგადოება შეაფასებს“,- აღნიშნავს კალაძე.


შეგახსენებთ, 13 ოქტომბერს სამი ბავშვი ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსატანად ჩავიდა. დენის დარტყმის შემდეგ ისინი კლინიკაში სასწრაფომ გადაიყვანა. ერთი მოზარდი კლინიკიდან 14 ოქტომბერს გაწერეს. მეორე მოზარდი კი, კლინიკიდან 16 ოქტომბერს გაეწერა.

13 წლის გოგო გარდაიცვალა. 

  • გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ელექტრო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ცნობისთვის, ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია 12 ოქტომბერს დასრულდა.