თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსმა თანამდებობა დატოვა

ვგრძნობ მორალურ პასუხისმგებლობას ჩემი მოადგილის სამსახურებრივ ქმედებებზე, ყველა თანამშრომლის მიმართ. ამიტომ ვთვლი, რომ საჭიროა დავტოვო ჩემი თანამდებობა, - თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი, გიგა გიგაშვილი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ მან დედაქალაქის მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა.

„დატრიალებული ტრაგედიის გამო, ჩემი მოადგილე ამ ეტაპზე დაკავებულია. მე, როგორც სამსახურის უფროსი, რა თქმა უნდა, ვგრძნობ მორალურ პასუხისმგებლობას ჩემი მოადგილის სამსახურებრივ ქმედებებზე, ყველა თანამშრომლის მიმართ. ამიტომ ვთვლი, რომ საჭიროა დავტოვო ჩემი თანამდებობა. სრულად ვითანამშრომლებ გამოძიებასთან, რათა დადგინდეს სიმართლე, თუ რეალურად რა მოხდა ამ ტრაგედიის დღეს და ყველა იმ კითხვას, რომელიც საზოგადოებაში არსებობს, პასუხი გაეცეს“, - განაცხადა გიგა გიგაშვილმა.

ცნობისთვის, გიგა გიგაშვილი თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურს 2017 წლიდან ხელმძღვანელობს.


შეგახსენებთ, 13 ოქტომბერს სამი ბავშვი ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსატანად ჩავიდა. დენის დარტყმის შემდეგ ისინი კლინიკაში სასწრაფომ გადაიყვანა. ერთი მოზარდი კლინიკიდან 14 ოქტომბერს გაწერეს. მეორე მოზარდი კი, კლინიკიდან 16 ოქტომბერს გაეწერა.

13 წლის გოგო გარდაიცვალა. 

  • გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ელექტრო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ცნობისთვის, ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია 12 ოქტომბერს დასრულდა.