ისრაელი უკრაინას შეირაღებას არ მიაწვდის, თუმცა ავიადარტყმების შესახებ გამაფრთხილებელი სისტემებით დაეხმარება

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ბენი განცმა განაცხადა, რომ ისრაელი უკრაინას შეიარაღებას არ გადასცემს, თუმცა ავიადარტყმების შესახებ გამაფრთხილებელი სისტემების შექმნით დაეხმარება.

მინისტრის განმარტებით, ისრაელის დახმარება ჰუმანიტარული დახმარებით, სამედიცინო საშუალებებითა და დამცავი აღჭურვილობით შემოიფარგლება.

„მინდა ხაზი გავუსვა, რომ ისრაელი, რიგი ოპერატიული მოსაზრებების გამო, არ გადასცემს უკრაინას შეიარაღების სისტემებს. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას საკუთარი შეზღუდვების ფარგლებში, როგორც ადრე ვაკეთებდით ამას.

დახმარებისა და დამცავი აღჭურვილობის გაფართოებული გადაცემის ფარგლებში, უკრაინის წარმომადგენლებთან საუბრის შემდეგ, ჩვენ მოვითხოვეთ მონაცემები, რომლებიც საშუალებას მოგვცემს, დაგვეხმაროს საჰაერო და სხვა საფრთხის გამაფრთხილებელი სისტემის შექმნასა და შენარჩუნებაში, ისეთივე სისტემის, როგორიც ისრაელშია”, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

მისივე თქმით, ამ სისტემის უპირატესობა მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლის გადასარჩენააა.

მოქალაქეები ისრაელში ავიადარტყმების შესახებ გაფრთხილებებს იღებენ სირენების, ტელეფონებზე სიგნალების, ტელევიზიასა და რადიოში შეტყობინებების საშუალებით.


როგორც უკრაინის, ასევე გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროების ცნობით, რუსეთს ეწურება ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტების საკუთარი მარაგი და მოსკოვმა უკვე იყიდა ასობით ირანული კამიკაძე-დრონი.

11 ოქტომბერს პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა უკრაინაში ომისთვის ირანისგან 2400 კამიკაძე-დრონი შეუკვეთა. უკრაინის სამხედროები ყოველდღიურად ავრცელებენ ინფორმაციას ირანული წარმოების დრონების ჩამოგდების შესახებ.

შეერთებულმა შტატებმა ოთხ ირანულ კომპანიას და ერთ ფიზიკურ პირს ირანული დრონების შემუშავებისა და რუსეთში გაგზავნისთვის სანქციები დაუწესა.