აშშ-ის განცხადებით, რუსეთი ირანულ უპილოტო თვითმფრინავებს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ იერიშებისთვის იყენებს. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის თქმით, ირანი აგრძელებს ტყუილის თქმას, თუმცა მსოფლიომ იცის, რომ რუსეთი იყენებს ირანულ თვითმფრინავებს უკრაინელ მშვიდობიან მოსახლეობაზე და ინფრასტრუქტურაზე თავდასხმისთვის. ამის შესახებ ნედ პრაისმა Twitter-ზე დაწერა.
მოგვიანებით, განცხადება გამოქვეყნდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ ვებგვერდზეც.
„სერიოზული შეშფოთება გამოვთქვით რუსეთის მიერ ამ უპილოტო საფრენი აპარატების ირანიდან შეძენის გამო. ჩვენ ახლა გვაქვს უამრავი მტკიცებულება, რომ ეს უპილოტო საფრენი აპარატები გამოიყენება უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობისა და კრიტიკული სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ თავდასხმებისთვის“, - წერია განცხადებაში.
აშშ აგრძელებს ყველა სანქციის მტკიცედ აღსრულებას, რათა ირანს რუსეთისთვის იარაღის მიყიდვა გაურთულდეს. აშშ-ის მკაფიო გზავნილია, რომ კიევზე თავდასხმები ვერ გატეხს უკრაინის სულისკვეთებას და შტატების გადაწყვეტილებას, მხარი დაუჭიროს უკრაინას.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, გასული თვის განმავლობაში უკრაინამ 233 ირანული დრონი გაანადგურა. ირანი უარყოფს, რომ მოსკოვს დრონები მიაწოდა.
თავის მხრივ, კრემლსაც არ უღიარებია ეს ფაქტი. ინფორმაცია, რომ ირანი რუსეთისთვის დრონების მიწოდებას აპირებდა, თავდაპირველად, აშშ-მ გაავრცელა.
10 ოქტომბრის შემდეგ, რუსეთი უკრაინის დედაქალაქს მასიურად ბომბავს. კიევზე იერიშებს მსხვერპლი მოჰყვა.