სახალხო დამცველობის კანდიდატი ანა აბაშიძე: იმედს ვიტოვებ, რომ შეფასების დროს პოლიტიკური გემოვნება გადამწყვეტი არ იქნება

მინდა დავიტოვო იმედი, რომ შეფასების დროს პოლიტიკური მიზანშეწონილობა, ან პოლიტიკური გემოვნება კი არ იქნება გადამწყვეტი ვინმეს მხარეს, არამედ იქნება ნამდვილად ობიექტური კრიტერიუმები,- ამის შესახებ "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" წარმომადგებელმა, სახალხო დამცველობის კანდიდატმა ანა აბაშიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

"ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი ვარ, ვისაც ზუსტად ის თვისებები და გამოცდილება აქვს, რომელიც გამოადგება ამ ინსტიტუტს და ვფიქრობ, ასეთი გამოცდილებით უნდა იყოს ომბუდსმენი. ამიტომ მოლოდინი ის არის, რომ შევძლო, ბოლომდე ვაჩვენო ჩემი პიროვნული თუ პროფესიონალური კვალიფიკაცია.

მინდა დავიტოვო იმედი, რომ შეფასების დროს პოლიტიკური მიზანშეწონილობა ან პოლიტიკური გემოვნება კი არ იქნება გადამწყვეტი ვინმეს მხარეს, არამედ იქნება ნამდვილად ობიექტური კრიტერიუმები, რომლითაც ადამიანები იფიქრებენ, რომ ეს არის ის კანდიდატი, ვინც საქმეს კეთილსინდისიერად გააკეთებს და ეს არის კანდიდატი, ვინც აჩვენა წარსულში, რომ მასზე მავნე გავლენის მოხდენა პრაქტიკულად შეუძლებელია,"- განაცხადა ანა აბაშიძემ.

ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე შექმნილმა სახალხო დამცველობის კანდიდატების ცხრაკაციანმა შემფასებელმა კომისიამ მუშაობა დაასრულა. 

კომისიის წევრებმა ომბუდსმენობის 19 კანდიდატი ოთხი კრიტერიუმის მიხედვით შეაფასეს. მომავალი სახალხო დამცველი პარლამენტმა 90-ხმიანი კვორუმით უნდა აირჩიოს.