ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლასთან დაკავშირებით ყველა დიპლომატიური ნაბიჯი გადავდგით - დარჩიაშვილი

"ალექსანდრ ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლასთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა სამინისტრომ გადადგა ყველა დიპლომატიური ნაბიჯი, რაც ასეთ დროს ქვეყანამ უნდა გააკეთოს", - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტმა, ილია დარჩიაშვილმა პარლამენტში, მინისტრის საათის ფორმატის დროს განაცხადა.

„შალვა კერესელიძე საუბრობდა ლუკაშენკოს ვიზიტზე. ბელორუსთან დაკავშირებით, საკითხი ეხება ჩვენთვის განსაკუთრებულად სენსიტიურ ამბავს და მინდა, ზოგადად ამ საკითხთან მიმართებაში ყველას მოგიწოდოთ, რომ შეფასებების ნაწილში ვიყოთ ფრთხილად. რაც შეეხება ბატონი ლუკაშენკოს ვიზიტს აფხაზეთში, ამასთან მიმართებაში ჩვენ გვქონდა ძალიან კონკრეტული, თანმიმდევრული ნაბიჯები. პირველი – გავაკეთეთ კონკრეტული განცხადება ამასთან მიმართებაში, საგარეო საქმეთა სამინისტროს დონეზე. იმედი გამოვთქვა, რომ ბელორუსი მყარად დაუბრუნდება იმ პოზიციას, რომელიც ჰქონდა საქართველოსთან მიმართებაში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვის მიმართულებით“, – აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა.


შეგახსენებთ,  ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში 28 სექტემბერს ჩავიდა, რის შემდეგაც ბელორუსის ელჩი პროტესტის ნიშნად დაიბარეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

„შეხვედრა გაიმართა „აფხაზურ მიწაზეც“. „ბელორუსის სახელმწიფოს მეთაურმა და ასლან ბჟანიამ ეკონომიკური პროექტები და ბელორუსსა და „აფხაზეთს შორის“ თანამშრომლობის სფეროები განიხილეს“, - ვკითხულობთ ბელორუსის პრეზიდენტის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციაში.