საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას უპასუხა ოპოზიციონერი დეპუტატის შეკითხვას, როგორ აფასებს „ქართული ოცნების“ დეპუტატების გადაწყვეტილებას და მიაჩნია თუ არა, რომ რუსეთის ფედერაცია ტერორისტული სახელმწიფოა.
„სჯობს, თქვენს პარტიაში მოიკითხოთ, რეზოლუციებთან დაკავშირებით რა მიდგომები იყო. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ნებისმიერი რეზოლუცია, რომელიც დაკავშირებულია უკრაინასთან, ჩვენს პარტნიორებთან ერთად, ჩვენი პოზიცია იყოს მობილიზებული და ჩვენ ამ მიმართულებითაც გექნება მომავალში კონკრეტული ნაბიჯები“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.
„ევროსაბჭოს რეზოლუციას, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ ცხადდება და მისგან მოთხოვნილია ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარის გაყვანა, ჩვენი საპარლამენტო დელეგაცია ხელს არ აწერს. ამ გადაწყვეტილებას იმ მიზეზით ხსნიან, რომ რეზოლუციის დამატებით პუნქტში მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურ პატიმრად არის მოხსენიებული. ცხადია, ეს არ შეიძლება, ნამდვილი მიზეზი ყოფილიყო.
ბატონო მინისტრო, თქვენ როგორ აფასებთ რეზოლუციაზე საპარლამენტო დელეგაციის დეპუტაციის ხელმოუწერლობას? - როგორ აფასებთ, არა როგორც „ქართული ოცნების“ გუნდის წევრი, არამედ როგორც საქართველოს მოქალაქე, არა პარტიული თვალთახედვით, არამედ სახელმწიფოებრივი ხედვით. პირადად, თქვენ მიგაჩნიათ თუ არა რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ და აღიარებთ თუ არა მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკურ პატიმრად? გეკითხებით როგორც საქართველოს მოქალაქეს - პარტიული პასუხისთვის ნუ შეწუხდებით“, - მიმართა ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ წევრმა როსტომ ჩხეიძემ დარჩიაშვილს.
გარდა ამისა, დეპუტატების შეკითხვების საპასუხოდ, საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ დიპლომატიური სამსახური ყველაფერს აკეთებს, რათა ძლიერი მხარდაჭერა აღმოუჩინოს უკრაინას
ვფიქრობ, ამ მიმართულებით ჩვენი ქვეყანა, ჩვენი დიპლომატიური სამსახური ყველაფერს აკეთებს, რათა ძლიერი მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ უკრაინას, რომ საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად კონკრეტული პოზიცია ჰქონდეს.
ამიტომ, ვერ მივიღებთ პრეტენზიას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო დუმს. კონკრეტულ შემთხვევებზე ყოველთვის კონკრეტული პოზიციები გვაქვს“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.