ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა სამ ირანელ სამხედრო პირს და თავდაცვის მწარმოებელს, რომლებიც რუსეთს, უკრაინაში სამოქალაქო და ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე თავდასხმისთვის უპილოტო თვითმფრინავებს აწვდიდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სანქცირებულთა სიაშია ირანის სამხედრო ოფიცერი, სეიედ ჰოჯატოლა კურეიში, ირანის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მეთაური, მოჰამად ჰოსეინ ბაგერის და ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაური, საიდ აგაჯანი.
მათ დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე შესვლა ეკრძალებათ. ხსენებულ პირებს აქტივებიც გაეყინებათ.
სანქციები ასევე დაუწესდა Shahed-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების მწარმოებელს - Shahed Aviation Industries, რომელსაც რუსეთი უკრაინულ ქალაქებსა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე თავდასხმებისთვის იყენებს.
ირანი უარყოფს, რომ მოსკოვს დრონები მიაწოდა.
თავის მხრივ, კრემლსაც არ უღიარებია ეს ფაქტი. ინფორმაცია, რომ ირანი რუსეთისთვის დრონების მიწოდებას აპირებდა, თავდაპირველად, აშშ-მა გაავრცელა. 10 ოქტომბრის შემდეგ, რუსეთი უკრაინის დედაქალაქს მასიურად ბომბავს.
უკრაინის პრეზიდენტმა 20 ოქტომბერს განაცხადა, რომ უკრაინამ ერთი თვის განმავლობაში 233 ირანული დრონი ჩამოაგდო.
დასავლეთმა უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდება დააჩქარა.