სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის საცხოვრებელ სახლში გამომძიებლები და ექსპერტები მივიდნენ.
ოჯახის ინფორმაციით, გამომძიებლები სახლში მოსამართლის განჩინების საფუძველზე სასაქონლო ექსპერტიზას ატარებენ.
"მოსამართლის განჩინების საფუძველზე არიან შემოსული და სასაქონლო ექსპერტიზას ატარებენ, ალბათ, მერე აღწერა გაკეთდება. თეთრი კარკასი იყო, როცა ჩვენ ეს სახლი შევიძინეთ და შეძენის შემდეგ რაც გაკეთდა, ალბათ, ამის აღწერა აქვთ. ჩვენ ნებართვა მივეცით, რადგან სასამართლო განჩინება წარმოგვიდგინეს და ამის საფუძველზე შემოვიდნენ“, - განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის შვილმა, ნინი გოგაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს, სოსო გოგაშვილს ბრალი დაუმძიმა. პროკურატურის ინფორმაციით, გოგაშვილს ახალი ბრალდება სახელმწიფო საიდუმლოების განზრახ გახმაურების და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტებზე წარედგინა.