ნავალნის 30-დღიანი პატიმრობა შეეფარდა

ალექსეი ნავალნის ადვოკატის თქმით, ოპოზიციონერს სასამართლომ 30-დღიანი პატიმრობა შეუფარდა.

ოპოზიციონერის სასამართლო სხდომა პოლიციის განყოფილებაში მიმდინარეობდა, რომელიც სპეციალურად მისი საქმის განსახილველად იყო მოწყობილი.

ოპოზიციონერთან არ უშვებდნენ ადვოკატსაც ერთი დღის განმავლობაში, ნავალნი სამართალდამცველებს იზოლირებული ჰყავდათ და მისი დაკითხვა ადვოკატის გარეშე მიმდინარეობდა.

ოპოზიციონერმა სოციალურ ქსელში რამდენიმე წუთის წინ გააკეთა კომენტარი, მისი ადვოკატის მეშვეობით.

"იმ ბაბუას ბუნკერში იმდენად ეშინია ყველაფრის, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი დემონსტრაციულად გადახიეს და სანაგვეზე მოისროლეს",- აცხადებს ნავალნი სოციალური ქსელით მიმართვაში.

ალექსეი ნავალნი აეროპორში 17 იანვარს დააკავეს, როდესაც ის ბერლინიდან ბრუნდებოდა. მასთან ერთად პოლიციამ რამდენიმე მხარდაჭერიც დააკავა, რომლებიც აეროპორტში ოპოზიციონერის დასახვედრად იყვნენ.

ნავალნის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს ფულის გათეთრების საქმეზე, რომელზეც რუსეთის ხელისუფლება მას 2008 წლიდან ედავება.