შაბათს ბერლინში, ირანში საპროტესტო აქციების ჩახშობის წინააღმდეგ, ხალხმრავალი აქცია გაიმართა. Spiegel-ის ცნობით, აქციაში 80 000-მდე ადამიანი მონაწილეობდა.
„ქალი, სიცოცხლე, თავისუფლება“ - ეს არის აქციის სლოგანი, რომელიც მხარს უჭერს ირანში მულას რეჟიმის წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციებს. დემონსტრანტები შეიკრიბნენ ევროპის მრავალი კუთხიდან და ირანის ხელისუფლების ქმედებები გამარჯვების სვეტთან გააპროტესტეს.
Spiegel-ის ცნობით, აქციაში ირანელებიც მონაწილეობდნენ.
მოქალაქეებს დემონსტრაციისკენ მოუწოდა არაერთმა ორგანიზაციამ და ადამიანმა. კერძოდ, ჰამედ ესმაილიონმა, რომელიც ცნობილი აქტივისტი გახდა 2020 წლის იანვარში, თეირანთან უკრაინული სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდებისას ცოლისა და ქალიშვილის გარდაცვალების შემდეგ. ის შაბათის აქციაზე მთავარი მომხსენებელი გახდა.
შეგახსენებთ, რომ 17 სექტემბერს 22 წლის მაჰსა ამინის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ირანი მასშტაბურმა საპროტესტო აქციებმა მოიცვა.
გოგო, რომელიც 13 სექტემბერს ვიცე-პოლიციამ „ჰიჯაბის არასწორი ტარების“ ბრალდებით დააკავა, 16 სექტემბერს გარდაიცვალა.
საპასუხოდ, ირანის ათობით ქალაქის მოსახლეობა ქუჩებში გამოვიდა. სახელმწიფო ტელევიზიის 24 სექტემბრის ანგარიშში ნათქვამია, რომ სულ მცირე 41 ადამიანი დაიღუპა საპროტესტო აქციებში, რომლებიც ძალადობრივ აქტებში გადაიზარდა.
ნორვეგიაში დაფუძნებული ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაცია (IHR) იტყობინება 154 გარდაცვალების შესახებ. აღსანიშნავია, რომ ინციდენტების დროს ათასობით ადამიანი დააკავეს.