ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი გაზრდის ექსპორტს და კიდევ უფრო დაიტვირთება; ასევე, გვინდა ექსპორტისთვის გამოვიყენოთ ბაქო-სუფსის ტერმინალი, - ამის შესახებ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ამ ფონზე ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის გამტარუნარიანობა გაიზრდება.
„ვაპირებთ, 2027 წლისთვის ექსპორტზე გავიტანოთ ევროპაში, თიქმის 20 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი“, - აღნიშნა ალიევმა.
მისივე თქმით, აზერბაიჯანს საქართველოში $3 მილიარდი აქვს ინვესტირებული.
„ასევე, ხაზი უნდა გავუსვა იმ ფაქტს, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ტვირთბრუნვა გაიზარდა 75%-ით. ასევე, ბაქო- თბილისი-ყარსი შესაძლოა, იყოს გამოყენებული, რომ 5 მილიონი ტონით დაიტვირთოს და მომდევნო წელს ამ მიმართულებით მეტი კაპიტალი დაბანდებას მოვახდენთ ამ დერეფანში.
ვაპირებთ, ამ მარშრუტის გამოყენებას, რათა კასპიის საშუალებით აზერბაიჯანის და საქართველოს გავლით ევროპისკენ გავიტანოთ ტვირთები და ახალი მარშრუტები დავამუშაოთ. ყველა ქვეყნის ინტერესშია, რომ გაიზარდოს ბაქო-თბილისი-ყარსის მიმართულება და მოხდეს საქართველოს პორტების გამოყენება, რათა ტვირთბრუნვა ცენტრალური აზიიდან ევროპისკენ წავიდეს. მიგვაჩნია, რომ ამ პოტენციალის გაზრდის შესაძლებლობა გვაქვს. ახალი რეალობა იქმნება და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ“, - აღნიშნა ალიევმა.