ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტი (ISW), უკრაინის ომის უახლეს ანალიზში, პრეზიდენტ პუტინსა და უსაფრთხოების ჩინოსნებს შორის მიმდინარე ღია კონფლიქტზე ამახვლებს ყურადღებას, რომლებიც უკრაინაში რუსეთის პრეზიდენტის ქმედებებს აკრიტიკებენ.
„ასეთი პირდაპირი დაპირისპირება აჩვენებს, რომ უშიშროების ძალების ცალკეულ წარმომადგენლებს აქვთ გავლენა რუსულ პოლიტიკაზე და ბრმად არ ემორჩილებიან პუტინს, როგორც ადრე ვარაუდობდნენ“, ნათქვამია ISW-ის ანალიზში.
ომის შემსწავლელი ინსტიტუტი ასევე განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ევგენი პრიგოჟინის პიროვნებას და მის დიდ გავლენებს.
„Washington Post-მა, აშშ-ს დაზვერვაზე დაყრდნობით, გამოავლინა, რომ „ვაგნერ ჯგუფის“ დამფინანსებელმა, ევგენი პრიგოჟინმა პირად საუბარში მკვეთრად გააკრიტიკა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო. გავრცელებული ინფორმაციით, პრიგოჟინმა დაადანაშაულა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ვაგნერის ძალებზე ძლიერ დამოკიდებულებაში, თუმცა არ აფინანსებდა დაჯგუფებას და არ უზრუნველყოფდა საჭირო რესურსებით“, – ნათქვამია ანალიზში.
ექსპერტები ასევე თვლიან, რომ სწრაფად იზრდება პრიგოჟინის გავლენა რუსულ საინფორმაციო სივრცეში. „პუტინის რეჟიმი დიდწილად არის დამოკიდებული საინფორმაციო სფეროში კრემლის მონოპოლიაზე და პრიგოჟინი სულ უფრო აშკარად უქმნის ამ მონოპოლიას გამოწვევას“, - ნათქვამია ანგარიშში.
აშშ-ის დაზვერვის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, ვლადიმერ პუტინის ახლო გარემოცვის წევრს კრემლის ლიდერთან უთანხმოება მოუვიდა. ამის შესახებ The Washington Post-ი 7 ოქტომბერს წერდა.