ლევან დავითაშვილი: მაქსიმუმს ვაკეთებთ, რომ საქართველოსა და ამერიკას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე, მოლაპარაკებები გაგრძელდეს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის თქმით, რომ როგორც პირდაპირი ავიამიმოსვლის, ისე თავისუფალი ვაჭრობის მიმართულებით ამერიკის შეერთებულ შტატებთან აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა BMG-ის განუცხადა. 

„ბუნებრივია, საქართველო მაქსიმუმს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველოს და ამერიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებები გაგრძელდეს, განვითარდეს, გვქონდეს ამ მიმართულებით პროგრესი. შეიძლება საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობა, თუმცა უნდა წარმოვიდგინოთ, რომ ეს არის ძალიან კომპლექსური საკითხი. დღეს ამერიკას არ აქვს მოლაპარაკებები არც ერთ ქვეყანასთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ, ეს არ არის მარტივი საკითხი. აქ საუბარი არ არის მხოლოდ ერთ ინსტიტუტზე ან ინსტიტუციაზე, საუბარი გვაქვს კომპლექსურად.

უნდა უნდა არსებობდეს მზადყოფნა როგორც პოლიტიკურად, ისე ტექნიკურ დონეზე, თუ როგორი ტიპის და რა შინაარსის მოლაპარაკება შეიძლება არსებობდეს ქვეყნებს შორის. ჩვენ გვქონდა კარგი შეხვედრები კონგრესში იმისთვის, რომ გვქონოდა პოლიტიკური მხარდაჭერა. პოლიტიკური ისტებლიშმენტი იზიარებს პოზიციას, რომ სტრატეგიული ურთიერთობიდან გამომდინარე, ამას ექნება მნიშვნელოვანი როლი ჩვენი ურთიერთობიდან გამომდინარე. იმედი გვაქვს, პროგრესი გვექნება“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

რაც შეეხება ავიამიმოსვლას, ეკონომიკის მინისტრი ირწმუნება, რომ ამ კუთხითაც არის მჭიდრო თანამშრომლობა იმისთვის, რომ პროგრესი იყოს.

„ვმუშაობთ, რომ ამერიკული ავიაკომპანიები დაინტერესდნენ, თუმცა პანდემიური პერიოდი რთულია ავიაბაზრისთვის და გვესმის, რომ ამასაც გარკვეული დრო დასჭირდება, თუმცა ეს ორივე ქვეყნისთვის პრიორიტეტია“, - აღნიშნა მინისტრმა.


შეგახსენებთ, Europetime-მა მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებში, მათ შორის პორტებში ინვესტიციების მნიშვნელობაზე საქართველოში „რესპუბლიკელი“ სენატორი რობ პორტმანიც ექსკლუზიურად ჩაწერა და მან პირდაპირი ამერიკული ინვესტიციების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

რობ პორტმანს იმედი აქვს, რომ პირდაპირი ინვესტიციების გარდა, ვაჭრობის გაფართოებაც შესაძლებელია.

ამ მიმართულებით ის თავადაც აპირებს მუშაობას წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე, როდესაც ბუშის ადმინისტრაციის დროს იყო აშშ-ის წარმომადგენელი ვაჭრობის საკითხებში. რობ პორტმანი არის სავაჭრო შეთანხმებების ინიციატორი სხვადასხვა ქვეყანასთან.

„უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში რაც შეიძლება მეტმა ქვეყანამ გაახორციელოს ინვესტიცია. იმედი მაქვს, რომ უფრო მეტი ამერიკული კომპანია გააკეთებს ამას. ზოგიერთი კომპანიის შეშფოთების მიზეზს სასამართლო სისტემა წარმოადგენს.

ამიტომ, ეს არის ერთი მიზეზი, რომელიც სასამართლო სისტემის მნიშვნელობას უსვამს ხაზს, რადგან მას საქართველოს მოქალაქისთვის მეტი კეთილდღეობის მოტანა შეუძლია, მეტი უცხოური ინვესტიცია მეტ სამუშაო ადგილს ნიშნავს.

ეს იქნებოდა ინფრასტრუქტურული პროექტი, განსაკუთრებით პორტის პროექტი, რომელიც უდიდესი შესაძლებლობაა ინფრასტრუქტურაში ინვესტიციისთვის. ასევე არსებობს უამრავი სხვა შესაძლებლობა სოფლის მეურნეობასა და სასაქონლო ჯგუფებში, მათ შორის არის მაინინგი და წარმოება. ასე რომ, ვფიქრობ, ეს დიდი შესაძლებლობაა მეტი ინვესტიციის განხორციელებისათვის, ქართველი ხალხის დასახმარებლად. ინვესტიცია კარგია და ჩვენ უნდა წავახალისოთ უფრო მეტი პირდაპირი ინვესტიცია საქართველოში, მაგრამ ასევე გავზარდოთ სავაჭრო ბრუნვა.

საქართველოს ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორი თურქეთია, მეორე - რუსეთი. შეერთებულ შტატებს ძალიან მცირე ნაწილი უჭირავს და ამიტომ უნდა ვიპოვოთ გზა, როგორ გავზარდოთ უფრო მეტი მიწოდების ჯაჭვი საქართველოდან ამერიკაში ან მეტი ექსპორტი ამერიკაში და პირიქით. ეს არის ის, რაზეც პირადად ვიმუშავებ, რადგან მე პირადად ვიყავი ჩართული ვაჭრობის საკითხებში, როგორც შეერთებული შტატების სავაჭრო წარმომადგენელი. იმედი მაქვს, რომ პირდაპირი ინვესტიციების გარდა, ვაჭრობის გაფართოებაც შეგვიძლია“, - აღნიშნა სენატორმა რობ პორტმანმა Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში.


ET-ის შეკითხვას ამასთან დაკავშირებით, იმ დროს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ფილიპ რიკერმაც უპასუხა.

ფილიპ რიკერის განცხადებით, რეფორმების გაგრძელება, კანონის უზენაესობის განმტკიცება არის ის ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს, გახდეს საერთაშორისო ვაჭრობისთვის მიმზიდველი.

„ჩვენ ვაფასებთ საქართველოს სურვილს, გაააქტიუროს სავაჭრო ურთიერთობები აშშ-სთან. ამისათვის ძალიან მნიშვნელოვანია რეფორმების გზის გაგრძელება. მათ შორის, 19 აპრილის შეთანხმების შესრულება და შესაბამისად, უფრო ეფექტური გარემოს შექმნა საერთაშორისო ვაჭრობისთვის, რაშიც ძალიან დიდ როლს თამაშობს კანონის უზენაესობა.

მოგეხსენებათ, რომ თავისუფალი ვაჭრობის საკითხი ეს არის ამერიკის სავაჭრო წარმომადგენლის პრეროგატივა. თუმცა, აღვნიშნავ, რომ ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია გამჭვირვალე ბიზნესგარემოს შემუშავება და ეს პროცესი მიმდინარეობს მათ შორის, ჩვენი დახმარებითაც. მნიშვნელოვანია, რომ გაგრძელდეს რეფორმების გზა.

კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ სასამართლო რეფორმა ამ კუთხით არის უაღრესად მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ბიზნესისთვის, უცხოელი ინვესტორებისთვის შეიქმნას ხელსაყრელი გარემო და იყოს იმის განცდა და გარანტია. რომ სამართლებრივი სისტემა არის სრულიად თავისუფალი პოლიტიკური თუ სხვა რაიმე გარე ჩარევებისგან.

შესაბამისად, რეფორმების გაგრძელება, კანონის უზენაესობის განმტკიცება არის ის ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი, რომელიც ხელს შეუწყობს, რომ საქართველო გახდეს მიმზიდველი საერთაშორისო ვაჭრობისთვის და ინვესტორებისთვის“, - განაცხადა ფილიპ რიკერმა Europe Time-ის შეკითხვის საპასუხოდ.