ფაშინიანი მზადაა, ხელი მოაწეროს შეთანხმებას, რომლითაც რუსი სამხედროები მთიან ყარაბაღში 15-20 წლით დარჩებიან

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ მზადაა, 31 ოქტომბერს სოჭში გამართულ სამმხრივ შეხვედრაზე ხელი მოაწეროს დოკუმენტს, რომლის თანახმადაც, მთიან ყარაბაღში რუს სამშვიდობოებს ყოფნის ვადა გაუხანგრძლივდებათ. 

ამის შესახებ მან მმართველი პარტია „სამოქალაქო ხელშეკრულების“ ყრილობაზე გამოსვლისას განაცხადა. 

„ოფიციალურად ვაცხადებ: მზად ვარ, ხელი მოვაწერო დოკუმენტს სოჭში და ვაღიარო, რომ რუსი სამშვიდობოების ყოფნა ყარაბაღში უპირობოდ და წინაპირობის გარეშე გაგრძელდება 10, 15, 20 წლით. მე ვთავაზობ, რომ რუსეთის პრეზიდენტს, მიიღოს ასეთი გადაწყვეტილება. ეს არის სამმხრივი დოკუმენტი და თუ რუსეთთან შევთანხმდით, ჩვენ ვიქნებით უმრავლესობაში“, - განაცხადა ფაშინიანმა.

ამასთან, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ დაპირება იმის შესახებ, რომ აზერბაიჯანელებმა უნდა დატოვონ რუსი სამშვიდობოების პასუხისმგებლობის ზონა, ჯერ არ შესრულებულა.

„ეს კითხვები უნდა დაისვას - რუსეთი მკაცრად იცავს თავის წინადადებებს თუ არა“, - განაცხადა ფაშინიანმა. 


როგორც ცნობილია, ამ თვის ბოლოს ფაშინიანი სოჭში გაემგზავრება აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან და რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან შესახვედრად.

2020 წლის ნოემბერში სომხეთმა, აზერბაიჯანმა და რუსეთმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას მთიანი ყარაბაღის ომის დასრულების შესახებ. შეთანხმების თანახმად, გადაწყდა რეგიონში რუსეთის ფედერაციის „სამშვიდობო კონტინგენტის“ განლაგება.

აგვისტოში ფაშინიანმა განაცხადა, რომ მთიანი ყარაბაღის ირგვლივ შექმნილი ვითარებაზე, რუსეთის სამხედრო კონტინგენტთან დაკავშირებით სომხეთის საზოგადოებას კითხვები აქვს. 

სომხეთს, აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის სამმხრივი შეხვედრა სოჭში 31 ოქტომბერს გაიმართება.