ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთი, აფრიკის, ახლო აღმოსავლეთისა და სამხრეთ აზიის ქვეყნებში, ხელოვნური შიმშილის გამოწვევას ცდილობს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთი აკეთებს ყველაფერს, რომ მილიონობით აფრიკელი, ახლო აღმოსავლეთისა და სამხრეთ აზიის მოსახლეობა „ხელოვნური შიმშილის“ ზღვარსა და ფასების კრიზისის წინაშე აღმოჩნდეს.

„რატომ ხდება ისე, რომ ზოგიერთ ადამიანს, სადღაც კრემლში, შეუძლია, გადაწყვიტოს, საკვები იქნება ეგვიპტეში ხალხის სუფრაზე თუ ბანგლადეშში? რა არის ეს? მსოფლიოს აქვს ძალა, დაიცვას ხალხი ამისგან", - განაცხადა ზელენსკიმ. 

ზელენსკიმ, რუსეთის განცხადებას „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ გასვლის შესახებ, „საკმაოდ პროგნოზირებადი“ უწოდა. 

„სინამდვილეში, ეს არ არის მათი ამჟამინდელი გადაწყვეტილება. რუსეთმა სასურსათო კრიზისის განზრახ გამწვავება ჯერ კიდევ სექტემბერში დაიწყო, როცა უკრაინული სურსათით დატვირთული გემების მოძრაობა დაბლოკა. სექტემბრიდან დღემდე „მარცვლეულის დერეფანში“ 176 გემი დაგროვდა, რომლებიც მარშრუტს ვერ გადიან.

ზოგიერთი მარცვლეულის გადამზიდავი სამ კვირაზე მეტია, პორტიდან გასვლას ელოდება. ეს არის რუსეთის მიერ განხორცილებული აბსოლუტურად შეგნებული ბლოკადა“, - აღნიშნა ზელენსკიმ. 

29 ოქტომბერს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მოსკოვი „ხორბლის შეთანხმებას“ ტოვებს და ამის მიზეზად, სევასტოპოლში მომხდარ „ტერაქტს“ ასახელებს, როდესაც რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ხომალდებზე, დრონებით იერიში განხორციელდა. 

სტამბოლში 22 ივლისს რუსეთსა და უკრაინას შორის გაეროსა და თურქეთის მონაწილეობით უკრაინულ პორტებში ხორბლის განბლოკვის საკითხზე შეთანხმება გაფორმდა