გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბაერბოკმა რუსეთს მოუწოდა, შავი ზღვის გავლით უკრაინული მარცვლეულის უსაფრთხო ექსპორტის შესახებ, შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს.
უმაღლესმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ ათობით მარცვლეულის გადამზიდავი ამჟამად გზაშია.
„მოვუწოდებთ რუსეთს, საფრთხე არ შეუქმნას ამ გემების უსაფრთხოებას და შეასრულოს თავისი ვალდებულებები საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე“, - აღნიშნა ბერბოკმა.
29 ოქტომბერს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მოსკოვი „ხორბლის შეთანხმებას“ ტოვებს და ამის მიზეზად, სევასტოპოლში მომხდარ აფეთქებას ასახელებს.
რუსეთი მას ტერაქტს უწოდებს და აცხადებს, რომ თავდასხმა კიევმა „ბრიტანელი სპეციალისტების ხელმძღვანელობით“ მოაწყო.
უკრაინას აფეთქებაში მონაწილეობა არ დაუდასტურებია.
შეგახსენებთ, 22 ივლისს, სტამბოლში, გაეროსა და თურქეთის მონაწილეობით, უკრაინულ პორტებში ხორბლის განბლოკვის საკითხზე შეთანხმება გაფორმდა.