Bloomberg-ის ცნობით, რუსეთის მიერ „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ გასვკის შემდეგ, მსოფლიოში ხორბლისა და სხვა პროდუქტების გაძვირება დაიწყო.
ორშაბათს, ვაჭრობის დაწყებისას, ჩიკაგოს ბირჟაზე ხორბლის ფასი 7.7%-ით გაიზარდა და ერთი ბუშელის ფასი თითქმის $9 გაუტოლდა.
ამასთან, სინგაპურის ბირჟაზე ხორბლის ფასის 5.6%-იანი მატება დაფიქსირდა. სიმინდი 2.8%-ით გაძვირდა, სოიოს ზეთი კი - 3%-ით.
თუ ფასების ზრდა შენარჩუნდა, ეს გლობალურ ინფლაციის გაძლიერებას და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში შიმშილის პრობლემებს გაამწვავებს.
Bloomberg-ის ცნობით, „მარცვლეულის შეთანხმების“ ამოქმედებიდან სამ თვეში უკრაინიდან გავიდა 9 მილიონ ტონაზე მეტი ხორბალი და სხვა საკვები პროდუქტი, რამაც გაზრდილ ფასებზე გავლენა მოახდინა და ხორბლისა და სურსათის გაიაფება დაიწყო.
29 ოქტომბერს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მოსკოვი „ხორბლის შეთანხმებას“ ტოვებს და ამის მიზეზად, სევასტოპოლში მომხდარ აფეთქებას ასახელებს.
რუსეთი მას ტერაქტს უწოდებს და აცხადებს, რომ თავდასხმა კიევმა „ბრიტანელი სპეციალისტების ხელმძღვანელობით“ მოაწყო.
უკრაინას აფეთქებაში მონაწილეობა არ დაუდასტურებია.
შეგახსენებთ, 22 ივლისს, სტამბოლში, გაეროსა და თურქეთის მონაწილეობით, უკრაინულ პორტებში ხორბლის განბლოკვის საკითხზე შეთანხმება გაფორმდა.