აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ვან ის ტელეფონით ესაუბრა. სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, მდივანმა ბლინკენმა განიხილა კომუნიკაციის ღია ხაზების შენარჩუნებისა და აშშ-სა და ჩინეთის ურთიერთობების პასუხისმგებლობით წარმართვის აუცილებლობა.
მდივანმა ბლინკენმა ისაუბრა რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებულ ომზე და იმ საფრთხეებზე, რომლებიც გლობალურ უსაფრთხოებასა და ეკონომიკურ სტაბილურობას ემუქრება.
შეგახსენებთ, ივლისში, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენისა და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ვან ის შეხვედრა 5 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. ამერიკელი დიპლომატის თქმით, ჩინელ კოლეგასთან შეხვედრისას უკრაინაში რუსეთის აგრესია განიხილა და მოსკოვთან პეკინის კავშირების გამო შეშფოთება გამოხატა.
New York Times-ის ცნობით, ბლინკენმა მოუწოდა მის კოლეგას, შეუერთდეს შეერთებულ შტატებს და უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის წინააღმდეგ დადგეს.
„ვცდილობდი, მეთქვა სახელმწიფო მრჩევლისთვის, რომ ეს მართლაც ის მომენტია, როდესაც ჩვენ ყველანი უნდა დავდგეთ რუსეთის აგრესიის დასაგმობად. პეკინისგან გვესმის, რომ ნეიტრალურია. რთულია, იყო ნეიტრალური, როცა საქმე ამ აგრესიას ეხება. არსებობს აშკარა აგრესორი. არის აშკარა მსხვერპლი“, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა.
ორივე დიპლომატმა ოქტომბრის შემდეგ პირველად გამართულ მოლაპარაკებას „გულწრფელი შეხვედრა“ უწოდა. ენტონი ბლინკენი და ვან ი ინდონეზიაში, ბალიზე, „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეკრების შემდეგ შეხვდნენ.
„მე კიდევ ერთხელ გავუზიარე ჩინეთის სახელმწიფო მრჩეველს, რომ შეშფოთებულნი ვართ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის რუსეთთან შეთანხმებით,” - განაცხადა ბლინკენმა მოლაპარაკებების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
„ჩვენ ძალიან ღია ვიყავით იმის შესახებ, თუ სად არის ჩვენი უთანხმოება... თუმცა შეხვედრა კონსტრუქციული იყო, რადგან გულწრფელობის მიუხედავად, ტონი იყო ძალიან საქმიანი”, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა.
როგორც ბლინკენმა აღნიშნა, ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა 13 ივნისს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან საუბრისას მკაფიოდ თქვა, რომ მხარს უჭერს რუსეთთან პარტნიორობის ჩამოყალიბებას.
თავის მხრივ, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში შეხვედრის დეტალებზე არ უსაუბრიათ. აღნიშნული იყო, რომ ვანმა „უკრაინის საკითხზე“ სიღრმისეული მოსაზრებები გაცვალა.
- ჩინეთის წითელი ჯვარი უკრაინას ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს
- ჩინეთი უარყოფს, რომ რუსეთმა სამხედრო დახმარება სთხოვა
ცნობისთვის, ჩინეთის მმართველი კომუნისტური პარტია არც გმობს რუსეთის ომს უკრაინაში და არც შეჭრას უწოდებს მას. ჩინეთი პირველად მოხვდა NATO-ს „სტრატეგიულ კონცეფციაში", რომელიც სამიტზე, მადრიდში მიიღეს. დოკუმენტი ასახავს უსაფრთხოების გამოწვევებს, რომლებსაც ჩინეთის ამბიციები წარმოშობს. ამასთან, დიდი შვიდეულის (G7) უმსხვილესი დემოკრატიული ეკონომიკის ქვეყნები ჩინეთთან მიმართებით მკაცრი რიტორიკით გამოვიდნენ.