თურქეთი გააგრძელებს მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმების განხორციელებასთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრას, მათ შორის ყველა მხარესთან აუცილებელი ინიციატივების წამოჭრით, განუცხადა პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რუს კოლეგას ვლადიმერ პუტინს.
თურქეთის კომუნიკაციების დირექტორატის განცხადებაში ნათქვამია, რომ ერდოღანმა და პუტინმა სატელეფონო საუბრისას განიხილეს რეგიონული საკითხები, განსაკუთრებით რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებული უახლესი მოვლენები.
Reuters-ის ცნობით, ვლადიმერ პუტინმა სამშაბათს გამართული სატელეფონო საუბრის დროს, თავის თურქ კოლეგას განუცხადა, რომ რუსეთს შეუძლია, განიხილოს შეთანხმების განახლება მხოლოდ ყირიმის საზღვაო პორტზე, სევასტოპოლზე დრონების თავდასხმების გამოძიების დასრულების შემდეგ.
თავის მხრივ, უკრაინული მედიის ცნობით, ერდოღანმა პუტინს მოუწოდა, გააგრძელოს მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებაში მონაწილეობა.
29 ოქტომბერს, რუსეთის ფედერაციამ განაცხადა, რომ შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივაში მონაწილეობას აჩერებს. მოსკოვი ამ ნაბიჯის გამართლებას სევასტოპოლში, დრონების თავდასხმით ცდილობს, რაშიც უკრაინას და დიდ ბრიტანეთს ადანაშაულებს. კიევს არ დაუდასტურებია თავდასხმაში მონაწილეობა.
მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ გამოვიდა, უკრაინის პორტები მარცვლეულით დატვირთულმა 15-მა ხომალდმა დატოვა.
დასავლეთი პუტინს შიმშილის იარაღად გამოყენებაში ადანაშაულებს.
პირველ ნოემბერს, უკრაინა, თურქეთი და გაერო შეთანხმდნენ, რომ შავი ზღვის დერეფნით, გემების გადაადგილება 2 ნოემბრისთვის არ დაგეგმონ.