საქართველოს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის კობა გვენეტაძის თქმით, ინფლაციის შემცირება თებერვლიდან დაიწყება.
"მოლოდინი არის, რომ სხვა თანაბარ პირობებში ინფლაცია იგივე დონეზე შენარჩუნდებ , რაც ახლა გვაქვს, იანვრის ჩათვლით და შესამჩნევი კლება უნდა იყოს თებერვლის თვეში. ამის წინაპირობები და განმაპირობებელი ფაქტორები არის ის, რომ მონეტარული პოლიტიკა გამკაცრებული ნარჩუნდება, ჩვენ ამავე დროს მივიღეთ მაკროპრუდენციული ზომები. ამასთან, ჩვენ ვხედავთ, რომ მსოფლიო სასაქონლო ბაზრებზე არის ინდექსების კლება და ეს აუცილებლად უნდა აისახოს საქართველოში.
ამავე დროს, მყარი არის ლარის გაცვლითი კურსი, რომელსაც ასევე თავისი პირობები აქვს, ასევე საკმაოდ სწრაფად მოხდა ტურიზმის აღდგენა, მიგრანტების შემოსვლამაც თავისი გავლენა იქონია. ვფიქრობ, ეს გარემოებები განაპირობებს იმას, რომ თებერვლიდან დაიწყება ინფლაციის შემცირება სხვა თანაბარ პირობებში და მიზნობრივთან დაახლოება, წლის მეორე ნახევარში უნდა მოხდეს",- განაცხადა გვენეტაძემ.