რუსეთი აცხადებს, რომ მარცვლეულის შეთანხმების შესრულებას ისევ განაახლებს

რუსეთი აცხადებს, რომ მარცვლეულის შეთანხმებაში მონაწილეობას განაახლებს. ამის შესახებ Reutersი-ი წერს.

„რუსეთის ფედერაცია მიიჩნევს, რომ ამ მომენტში მიღებული გარანტიები საკმარისად გამოიყურება და განაახლებს შეთანხმების შესრულებას“, - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

რუსეთის თავდაპირველი ნაბიჯის მიუხედავად, რომელიც შეთანხმებიდან გასვლას გულისხმობდა, გემებმა უკრაინული მარცვლეულის ექსპორტი განაგრძეს და ორშაბათს გადაზიდვის რეკორდული მოცულობაც დაფიქსირდა.

რუსმა პოლიტიკურმა ანალიტიკოსმა ტატიანა სტანოვაიამ განაცხადა, რომ რუსეთის დღევანდელი განცხადება პუტინის აღიარებაა, რომ მას გადაზიდვების დაბლოკვა არ შეუძლია.

„კრემლი თავად გაება ხაფანგში და არ იცოდა როგორ გამოსულიყო“, - განაცხადა ანალიტიკოსმა Reuters-ის ცნობით.

კრემლის განცხადებას წინ უძღოდა უკრაინული მხარის ცნობა, რომ ერთდღიანი ინსპექტირებისა და პაუზის შემდეგ, „მარცვლეულის დერეფანი" 3 ნოემბერს ისევ გაიხსნებოდა.

უფრო ადრე ერდოღანმა მოუწოდა პუტინს, გაეგრძელებინა შეთანხმებაში მონაწილეობა, ამის შემდეგ კი, ხსენებული საკითხი თურქეთისა და გერმანიის ლიდერებმაც განიხილეს.

განახლება: „პუტინთან ჩვენი გუშინდელი სატელეფონო საუბრის შემდეგ, დღეს მარცვლეულის გადაზიდვა გაგრძელდება, როგორც აქამდე იყო დაგეგმილი“, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა Anadolu-ს ცნობით. ერდოღანი დღეს სატელეფონო საუბარს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართავს.