ვუჩიჩმა სერბეთის საჰაერო სივრცეში „მტრის დრონების“ ჩამოგდების ბრძანება გასცა

სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა სამხედროებს უბრძანა, გაანადგურონ მტრის ნებისმიერი თვითმფრინავი ქვეყნის საჰაერო სივრცეში, მას შემდეგ, რაც უპილოტო საფრენი აპარატები კოსოვოს მოსაზღვრე რაიონებში დააფიქსირეს. 

ამის შესახებ Anadolu წერს.

პრემიერ-მინისტრმა ანა ბრნაბიჩმა დაადასტურა, რომ რამდენიმე თვითმფრინავი სამხედრო ბაზების გადაღების დროს შენიშნეს.

„თუ ეს კიდევ განმეორდება, ჩვენ ჩამოვაგდებთ თითოეულ ამ თვითმფრინავს ისევე, როგორც ამას ნებისმიერი სხვა ქვეყანა გააკეთებს. მეტ ინფორმაციას ვერ მოგაწვდით. ამის შესახებ პრეზიდენტი და თავდაცვის მინისტრი მილოშ ვუჩევიჩი უფრო მეტს იტყვიან“, - განაცხადა ბრნაბიჩმა.

ვუჩევიჩმა მანამდე განაცხადა, რომ ქვეყნის შეიარაღებული ძალები მზადყოფნაში არიან, რადგან მეზობელ კოსოვოსთან დაძაბულობა იზრდება.

კოსოვომ სერბეთისგან დამოუკიდებლობა 2008 წელს გამოაცხადა.