პანდემიის გამო სხვადასხვა ქვეყანაში დარჩენილი წყვილების გასაერთიანებელი პეტიცია გულისხმობს, კანონის მიღებას, რომლის თანახმადაც, კონკრეტული ცნობის წარდგენის შემთხვევაში, სხვა ქვეყნის მოქალაქეს საქართველოში შემოსვლის უფლება მიეცემა.
როგორც პეტიციის ავტორი, თათა სადუნაშვილი ამბობს, ეს არის პირველი ონლაინ პეტიცია, რომელმაც საკმარისზე მეტი რაოდენობის ხელმოწერები დააგროვა და იმედოვნებს, რომ საკითხის განხილვისას პარლამენტი ამას გაითვალისწინებს.
მისივე თქმით, ევროკავშირის უკვე 13-მა ქვეყანამ მიიღო შესაბამისი კანონი და თითოეულ ქვეყანას ინდივიდუალური მოთხოვნები აქვს.
მაგალითად, დანიის შემთხვევაში, საჭიროა იქ ჩასულმა პირმა საზღვარზე წარადგინოს შემდეგი საბუთები — დანიის მოქალაქის პასპორტი, რომელიც სხვა ქვეყნის მოქალაქეს იწვევს ქვეყანაში; სახელმწიფო დაზღვევა, სადაც დატანილია ყველა პირადი მონაცემი; ცნობა, რომლის მოპოვებაც შესაძლებელია დანიის პოლიციის საიტზე. ცნობას მიმწვევი პირი ხელს აწერს, რომ ნამდვილად მიწვეულ პირთან იმყოფება ურთიერთობაში მინიმუმ, სამი თვის განმავლობაში. ასევე, ქვეყანაში ჩასულმა პირმა უნდა წარადგინოს ფოტო-ვიდეო მასალა საზღვარზე. ამასთან,აუცილებელია, ბოლო 72 საათის განმავლობაში გაკეთებული უარყოფითი ტესტი კორონავირუსზე.
სადუნაშვილის განცხადებით, აღნიშნული საბუთების წარდგენას ახლავს რისკებიც, მაგრამ დანიის მაგალითზე, გაყალბების შემთხვევაში, პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცემა. იმედოვნებს, რომ საქართველოს პარლამენტიც ისეთი რეგულაციით მიიღებს კანონს, რომ გაყალბების რისკები მინიმუმამდე იყოს დაყვანილი.
"რამდენიმე ქვეყანამ დაიწყო მოძრაობა, შექიმნა ფეისბუქზე ჯგუფი, სადაც გაწევრიანდნენ მულტინაციონალური წყვილები, რომლებიც საზღვრებს მიღმა იყვნენ დარჩენილი. ეს კამპანია უკვე გაიზარდა, ბევრმა ქვეყანამ მიიღო კანონი და ბევრიც რიგშია. რამდენიმე კვირის წინ აისახა საიტზე საქართველოც, როგორც კანონის მიღების მოლოდინში მყოფი ქვეყანა", — აღნიშნა თამარ სადუნაშვილმა.
მისივე თქმით, პირადად გამოიყენა ეს რეგულაცია, როცა დანიელ საქმროსთან საზღვარზე შესაბამისი საბუთების წარდგენით შეძლო ჩასვლა მაშინ, როცა საქართველოს დანიასთან საზღვარი ჩაკეტილი ჰქონდა.
პეტიციის ავტორი და ხელმომწერები უახლოეს მომავალში ელოდებიან იურიდიული კომიტეტის მიერ საკითხის განხილვასა და პასუხის მიღებას.
30 სექტემბერს 663 მოქალაქემ პარლამენტში დაარეგისტრირა პეტიცია მოთხოვნით, გაერთიანდეს კორონავირუსის პანდეემიის დროს დაშორებული ოჯახები და წყვილები.
პეტიცია განსახილველად იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გადაეცა.