იენს სტოლტენბერგი მევლუთ ჩავუშოღლუს: დროა, მივესალმოთ ფინეთს და შვედეთს, როგორც NATO-ს სრულუფლებიან წევრებს

NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ თურქეთი ალიანსის ძალიან ღირებული მოკავშირეა, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საერთო უსაფრთხოებაში.

  • სტოლტენბერგი ჩავუშოღლუს ანკარაში შეხვდა.

მისივე თქმით, NATO ასევე ხელს უწყობს თურქეთის უსაფრთხოებას, მისი საჰაერო თავდაცვის გაზრდით, საჰაერო და საზღვაო ყოფნით აღმოსავლეთ ხმელთაშუა და შავ ზღვაში.

ალიანსის გენერალურმა მდივანმა ჩამოთვალა ის საკითხები, რომლებიც თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან განიხილა.

„დღეს ჩვენ განვიხილეთ მრავალი საკითხი, მათ შორის სიტუაცია ეგეოსის ზღვაში, ჩვენი ბრძოლა ტერორიზმთან, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანება და ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა. მან მიუღებელი უწოდა ირანის მიერ რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების მიწოდებას. თურქეთს უკრაინის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ თურქეთში შექმნილი უახლესი დრონები და გემები ეხმარებიან უკრაინას თავდაცვაში.

სტოლტენბერგი მიესალმა „მარცვლეულის ინიციატივის“ გაგრძელებას და თურქეთის როლს გაუსვა ხაზი.


ალიანსის გენერალურმა მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ შეხვედრისას ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანების პროცესი განიხილეს.

„როგორც თქვენ თქვით, მევლუთ, თქვენ გაქვთ მნიშვნელოვანი მოლოდინი, რომ მემორანდუმის პირობები, რომლებზეც თურქეთი, ფინეთი და შვედეთი შეთანხმდნენ, მეტ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს თურქეთისთვის. მე ვაღიარებ თქვენს შეშფოთებას.

ამავდროულად, ცხადია, რომ ფინეთმა და შვედეთმა შეასრულეს მემორანდუმის პირობები და მზად არიან თურქეთთან გრძელვადიანი პარტნიორობისთვის. ფინეთმა და შვედეთმა მნიშვნელოვნად გაზარდეს თანამშრომლობა თურქეთთან, ტერორიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად. ისინი აშკარად მოწოდებულნი არიან თურქეთთან გრძელვადიანი თანამშრომლობისთვის, თქვენი უსაფრთხოების პრობლემების გადასაჭრელად.

ასე რომ, დროა, მივესალმოთ ფინეთს და შვედეთს, როგორც NATO-ს სრულუფლებიან წევრებს. მათი გაწევრიანება ჩვენს ალიანსს გააძლიერებს. ამ სახიფათო დროში კიდევ უფრო მნიშვნელოვანია მათი გაწევრიანების დასრულება.

მოსკოვში რაიმე გაუგებრობის ან არასწორი გათვლების თავიდან ასაცილებლად“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა და დაამატა, რომ მნიშვნელოვანია მოსკოვისთვის მკაფიო გზავნილის გაგზავნა: „ალიანსის კაი ღია რჩება“.