უკრაინა: მივიღებთ მკაცრ ზომებს, რათა ირანმა რუსეთს უპილოტო თვითმფრინავები ვეღარ მიაწოდოს

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მთავრობა მიიღებს მკაცრ ზომებს, რათა ირანმა რუსეთს უპილოტო თვითმფრინავები ვეღარ მიაწოდოს.

„ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა საჯაროდ აღიარა, რომ თეირანს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრამდე რამდენიმე თვით ადრე საბრძოლო თვითმფრინავები რუსეთის ფედერაციაში გადაჰქონდა“, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა ოლეგ ნიკოლენკომ Facebook-ზე დაწერა.

მისი თქმით, მანამდე ირანი რუსეთისთვის იარაღის მიწოდებას ყველა დონეზე უარყოფდა.  

„უკრაინა მხოლოდ ფაქტებს ენდობა. ამიტომ საგარეო საქმეთა სამინისტრო, დმიტრო კულებას ხელმძღვანელობით, უკრაინის სამთავრობო უწყებებთან მჭიდრო კოორდინაციით, მკაცრ ზომებს მიიღებს, რათა რუსეთის მიერ ირანული იარაღის გამოყენების შესაძლებლობა გამოირიცხოს. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ რუსეთმა ირანული დრონები უკრაინის მოქალაქეებისა და ჩვენი კრიტიკული ინფრასტრუქტურის გასანადგურებლად ვეღარ გამოიყენოს“, - აღნიშნა ნიკოლენკომ.

 

20 ოქტომბერს, ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა, რუსეთისთვის დრონების მიწოდების გამო, ირანის წინააღმდეგ სანქციები დააწესეს.