შვეიცარული ავიაკომპანია ციურიხი-თბილისი-ციურიხის მიმართულებით ავიარეისების დანიშვნით დაინტერესდა და ამ საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დასასრულს უახლოვდება.
შვეიცარიაში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, პირველ ნოემბერს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი შვეიცარიაში რევაზ ლომინაძე შვეიცარული ავიაკომპანია „ედელვაისის“ აღმასრულებელ კომერციულ დირექტორს, პატრიკ ჰეიმანს შეხვდა, რომლის დროსაც საუბრის თემა იყო პირდაპირი ავიამიმოსვლა საქართველოსა და შვეიცარიას შორის.
„შეხვედრაზე საქართველოს ელჩმა დეტალურად ისაუბრა აღნიშნული საკითხის დადებითად გადაწყვეტის მნიშვნელობასა და პერსპექტივაზე. რევაზ ლომინაძემ შვეიცარული ავიაკომპანიის ხელმძღვანელებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ეკონომიკის მზარდი დინამიკის შესახებ, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სამოქალაქო ავიაციისა და ტურიზმის სექტორებში არსებულ ვითარებასა და პოზიტიურ ტენდენციებზე.
ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ავიარეისები ხელს შეუწყობს ტურისტული ნაკადების ზრდას, ინვესტორთა მოზიდვასა და ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებას“, - წერია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.