ყაზახეთის ენერგეტიკის სამინისტრო, NC KazMunayGas-სთან ერთად, ნავთობის ტრანსპორტირების სამ მარშრუტს განიხილავს, რომლებშიც საქართველოც მოხვდა.
ეს მარშრუტებია - „აქტაუ-ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი“, „აქტაუ-ბაქო-სუფსა“ და „აქტაუ-ბაქო-ბათუმი“. ამის შესახებ ყაზახური მედია წერს.
„ამჟამად მიმდინარეობს ნავთობის საექსპორტო მიმართულებით გადაზიდვისთვის დამატებითი მარშრუტების შემუშავება. ამ დროისთვის, აზერბაიჯანულ მხარესთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ტრანსპორტირების საკითხებზე, მუშაობა ამ მიმართულებით გრძელდება", - აცხადებენ ყაზახეთის ენერგეტიკის სამინისტროში.
ყაზახეთის ენერგეტიკის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ამჟამად, კასპიის მილსადენის კონსორციუმი (CPC), საექსპორტო ნავთობის ტრანსპორტირებისთვის ყაზახი გადამზიდავებისთვის ყველაზე ეკონომიური მარშრუტია.
„დამატებითი მარშრუტების განვითარების განხილვა დამოკიდებული იქნება მათ პოტენციალზე, ეკონომიკურ მიზანშეწონილობასა და სხვა საკითხებზე. ამასთან, ტექნიკური ფაქტორების ჩათვლით და ყაზახეთში ნავთობის მოპოვების ზრდის გათვალისწინებით“, - აცხადებენ სამინისტროს პრესსამსახურში.
ოქტომბრის ბოლოს, აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ ელნურ სოლტანოვმა განაცხადა, რომ ქვეყანა ყაზახეთიდან ნავთობის გარანტირებულ მოცულობებს „ბაქო-სუფსის ნავთობსადენის“ გავლით ელოდება.
KazMunayGas-ის ეკონომიკისა და ფინანსური საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დაურენ კარაბაევის თქმით კი, ყაზახეთი აზერბაიჯანის გავლით ნავთობის ტრანსპორტირებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.
2022 წლის ზაფხულში დაურენ კარაბაევმა დააკონკრეტა, რომ აზერბაიჯანს აქვს ორი ნავთობსადენი: „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი“ და „ბაქო-სუფსა“, რომლებიც შესაძლოა, ყაზახური ნავთობის ტრანსპორტირებისთვის გამოიყენონ.
„ბაქო-სუფსის“ მილსადენს, რომელიც ამჟამად არ ფუნქციონირებს, წელიწადში 7 მილიონ ტონაზე მეტ ნავთობის გატარება შეუძლია.