ნედ პრაისი: აშშ არ მოითმენს თავის არჩევნებში ჩარევას

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ნედ პრაისი გპუტინთან დაახლოებული ბიზნესმენის, ევგენი პრიგოჟინის აღიარებას გამოეხმაურა იმის შესახებ, რომ რუსეთი აშშ-ის არჩევნებში ერეოდა.

ნედ პრაისის განმარტებით, პრიგოჟინმა ისეთი არაფერი უთქვამს, რაც ვაშინგტონისთვის ცნობილი არ იყო.

მისივე განცხადებით, პრიგოჟინის პირდაპირი აღიარება იმ დაუსჯელობისა გამოვლინებაა, რომლითაც თაღლითები და თანამზრახველები პუტინის რეჟიმის დროს სარგებლობენ.

„მოგეხსენებათ, ჩვენ ევგენი პრიგოჟინისა და მისი „ინტერნეტ-კვლევების სააგენტოს“ წინააღმდეგ არჩევნებში ჩარევისთვის ჯერ კიდევ, 2018 წელს დავაწესეთ სანქციები. ეს სანქციები მიმართული იყო მათ შორის იმ მავნე აქტორების წინააღმდეგ, რომლებიც საარჩევნო პროცესში ერეოდნენ.

ჩვენ ყველამ ვიცით, განსაკუთრებით დღეს, რომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები არის ამერიკული საზოგადოების, ამერიკული დემოკრატიის ქვაკუთხედი. ჩვენ არ მოვითმენთ ჩვენს არჩევნებში ჩარევას, საიდანაც არ უნდა ხდებოდეს ეს. ჩვენ ვაჩვენეთ ეს არამხოლოდ ჩვენი სიტყვებით, არამედ ჩვენი ქმედებებითაც.

პრიგოჟინის წინააღმდეგ სანქციების გარდა, ამ ადმინისტრაციამ რუსეთის წინააღმდეგ გამოაცხადა სანქციები.

ჩვენ ეს გავაკეთეთ 2021 წლის აპრილში, არამხოლოდ რუსეთის მავნე კიბერშეტევის საპასუხოდ და იმ კონტექსტში, რაც მან გაუკეთა ბატონ ნავალნის ქიმიური იარაღით თავდასხმით; რასაც ის აკეთებდა ბატონი ნავალნის მხარდამჭერების მიმართ, არამედ ჩვენს არჩევნებში მისი ჩარევის საპასუხოდ. ჩვენ იგივე გავაკეთეთ ირანის წინააღმდეგ. ჩვენ მზად ვართ, იგივე გავაკეთოთ ნებისმიერი სხვა სახელმწიფოს ან სუბიექტის წინააღმდეგ, რომლებიც შეეცდებიან, ჩაერიონ ჩვენს დემოკრატიულ პროცესებში“, - განაცხადა ნედ პრაისმა.


„ბატონებო, ჩვენ ვერეოდით, ვერევით და ჩავერევით. ფრთხილად, სიზუსტით, ქირურგიულად, ჩვენებურად, როგორც ეს ვიცით. ჩვენი წერტილოვანი ოპერაციების დროს მოვკვეთთ ერთდრდოულად ორივე თირკმელს და ღვიძლს“, - ნათქვამია ევგენი პრიგოჟინის განცხადებაში, რომელიც მისმა კომპანიამ 7 ნოემბერს გაავრცელა.

მას ჟურნალისტებმა ჰკითხეს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ 8 ნოემბრის კონგრესის შუალედური არჩევნების წინ, ამერიკელმა ანალიტიკოსებმა არჩევნებთან დაკავშირებული ინტერნეტ-ტროლების აქტივობა აღმოაჩინეს და გამოთქვეს ვარაუდი, რომ ისინი რუსეთთან არიან დაკავშირებულნი.