ლუქსემბურგმა 5,5 მილიარდი ევროს რუსული აქტივები გაყინა

ლუქსემბურგმა რუსი ფიზიკური და იურიდიული პირების კუთვნილი 5,5 მილიარდი ევრო გაყინა, რაც ევროკავშირის ტერიტორიაზე დაბლოკილი რუსული აქტივების დაახლოებით მესამედს შეადგენს.

ამის შესახებ ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან ასელბორნმა სამშაბათს, პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.

ასელბორნმა ასევე განაცხადა, რომ თუ რუსეთის ქცევა არ შეიცვლება, შემდგომი სანქციები კი, გარდაუვალია. მინისტრის თქმით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომთან დაკავშირებით „არ შეიძლება, ნეიტრალიტეტი არსებობდეს“.

ლუქსემბურგმა უკრაინას 72 მილიონ ევროზე მეტი იარაღი, მატერიალურ-ტექნიკური საშუალებები მიაწოდა, რაც ქვეყნის მთლიანი თავდაცვის ბიუჯეტის 16%-ს შეადგენს.

ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა უკვე გაყინეს დაახლოებით 17,5 მილიარდი ევრო, რომელიც რუს ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ეკუთვნის.

ასევე, ევროკავშირმა, შეერთებულმა შტატებმა და სხვა მოკავშირეებმა გაყინეს რუსეთის ცენტრალური ბანკის 300 მილიარდი დოლარის რეზერვები.