„ევროპა ეძებს ალტერნატიურ ენერგომომარაგების წყაროებს, ალტერნატიულ მარშრუტებს ზოგადად ევროპის ეკონომიკისთვის, ალტერნატიულ დაკავშირებას აზიასთან და ძირითად სავაჭრო პარტნიორებთან - ამ კუთხით ჩვენს ქვეყანას შეუძლია მნიშვნელოვანი და საიმედო პარტნიორის როლი შეასრულოს“, - ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომელიც ბრიუსელში სამუშაო ვიზიტით იმყოფება და თავს ევროკომისიაში მაღალი დონის შეხვედრებს მართავს.
მისივე თქმით, საქართველოს ამ თანამშრომლობისთვის კიდევ უფრო დიდი პოტენციალი აქვს.
„ამაზე ვისაუბრეთ ევროკომისრებთან შეხვედრაზე, ასევე ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობაზე და განვიხილეთ ის საკითხები, რომლებიც დღეს აქტუალურია მსოფლიოში, განსაკუთრებით ჩვენს რეგიონში და ევროპაში“, - აღნიშნა დავითაშვილმა.
ეკონომიკის მინისტრის თქმით, შეხვედრებზე აღინიშნა, რომ საქართველო ევროკავშირისთვის ისეთივე საინტერესო უნდა იყოს, როგორც საქართველოსთვის არის ევროკავშირი მნიშვნელოვანი.
„ევროკომისრებთან ასევე ვისაუბრეთ იმ სტრატეგიულ თანამშრომლობაზე, რომელიც საქართველოს აქვს ევროკავშირთან - ჩვენს ქვეყანას შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ევროპის ეკონომიკური უსაფრთხოებისა და ეკონომიკური განვითარების კუთხით“ - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.