პოლონეთი მნიშვნელოვნად გაზრდის თავდაცვის ხარჯებს მშპ-ს 3 პროცენტამდე, სლოვაკეთი ასევე დიდ ინვესტიციებს ახორციელებს შეიარაღებულ ძალებში, ამის შესახებ ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებმა განაცხადეს.
მანამდე, პოლონეთისა და სლოვაკეთის ლიდერები მატეუშ მორავეცკი და ედუარდ ჰეგერი მრავალეროვნული სამხედრო წვრთნების ადგილს ეწვივენ პოლონეთში და განაცხადეს, რომ მათი ქვეყნები ზრდიან შეკავების შესაძლებლობებს და სამხედრო თანამშრომლობას მეზობელ უკრაინაში ომის ფონზე.
მორავეცკიმ განაცხადა, რომ პოლონეთის მთავრობა მომავალ წელს დახარჯავს 21,4 მილიარდი აშშ დოლარს, ან შესაძლოა, 27,8 მილიარდს თავისი შეიარაღებული ძალების მოდერნიზებისთვის. მისი თქმით, ეს იქნება პოლონეთის მთლიანი შიდა პროდუქტის 3-დან 4 პროცენტამდე, რაც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი თავდაცვის ბიუჯეტია NATO-ს 30 წევრს შორის.
ამჟამად, პოლონეთი თავის შეიარაღებულ ძალებზე მშპ-ს 2 პროცენტზე მეტს ხარჯავს.
საუკეთესო სტრატეგია არის მტრის შეკავება საკუთარი ჯარის ძალით და სხვებთან თანამშრომლობით, აღნიშნა მორავეცკიმ.
ჰეგერმა აღნიშნა, რომ სლოვაკეთის მთავრობა ინტენსიურად ახდენს შეიარაღებული ძალების მოდერნიზებას და აღნიშნა, რომ უკრაინის ომმა აჩვენა რეგიონული თავდაცვის თანამშრომლობის აუცილებლობა.
წვრთნები PUMA-22 სამხრეთ-აღმოსავლეთ პოლონეთში, სასწავლო ზონაში, უკრაინის საზღვრიდან, დაახლოებით 150 კილომეტრში გაიმართა. ჰეგერის თქმით, მათ სურთ მშვიდობის დამყარება და იმის ჩვენება, რომ მათ აქვთ საკმარისი ძალა მშვიდობის დასაცავად.