ნიდერლანდების სამეფომ ქართველი მეზღვაურების სერტიფიკატები აღიარა

საქართველო და ნიდერნადების სამეფო მეზღვაურთა სერტიფიკატების ურთიერთაღიარების თაობაზე შეთანხმდნენ. შესაბამის მემორანდუმს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დელეგაციის ნიდერლანდების ვიზიტის ფარგლებში მოეწერა ხელი.  

ნიდერლანდების სამეფო წამყვანი საზღვაო სახელმწიფოა და ამ დროშით მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ფლოტი დაცურავს. მეზღვაურებს, რომელთაც სერტიფიკატები საქართველოში აქვთ აღებული, საშუალება ექნებათ, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ფლოტში დასაქმდნენ.

ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, მოლაპარაკება მემორანდუმის გაფორმების თაობაზე ნიდერლანდურ მხარესთან რამდენიმე წელია, აქტიურად მიმდინარეობს.

აღსანიშნავია, რომ ქართველ მეზღვაურებს უკვე 73 საზღვაო დროშის ქვეშ მცურავ ფლოტში შეუძლიათ დასაქმება, რომელთა შორისაა ევროკავშირის წევრი 20 ქვეყანა.