თურქეთი და ალჟირი, ნავთობისა და გაზის საბადოების მოძიების მიზნით, ერთობლივ კომპანიას ქმნიან

თურქეთი და ალჟირი ნავთობისა და ბუნებრივი გაზის ერთობლივ კომპანიას ქმნიან. კომპანია გაზისა და ნავთობის საბადოებს, ძირითადად ალჟირში მოიძიებს.

ამის შესახებ თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ფატიჰ დონმეზმა Anadolu Agency-ს განუცხადა. 

მინისტრის თქმით, ერთობლივ საწარმოს ალჟირის სახელმწიფო ნავთობისა და გაზის კომპანია Sonatrach და თურქული ნავთობკომპანია Turkish Petroleum (TP) შექმნიან.

თურქეთის ენერგეტიკის სამინისტროს ხელმძღვანელის თქმით, ასევე მიღწეულია შეთანხმება თურქეთსა და ალჟირში, სახელმწიფო და კერძო ინსტიტუტების ერთობლივი მუშაობის წახალისებისა და მხარდაჭერის ზომებზე.