მედია: ჯო ბაიდენის პარტია, ერთ-ერთ საკვანძო შტატში იმარჯვებს

აშშ-ში, შტატ არიზონაში, სენატორობის კანდიდატმა დემოკრატიული პარტიიდან მარკ კელიმ, მისი რესპუბლიკელი კონკურენტი ბლეიკ მასტერსი დაამარცხა. შედეგად, აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის ჯო ბაიდენის პარტიის პოზიცია კონგრესის ზედა პალატაში ძლიერდება. 

წამყვანი ამერიკული მედიის, კერძოდ, CNN-ისა და Fox News-ის პროგნოზით, კელი წინ მიიწევს და დემოკრატიულ პარტიას, აშშ-ს სენატში, 49-ე ადგილს მოუტანს - რესპუბლიკელების 49-ის წინააღმდეგ.

ეს ნიშნავს, რომ კონგრესის ზედა პალატაში უმრავლესობის შესანარჩუნებლად, დემოკრატებმა კიდევ ერთი სენატორი უნდა მიიღონ.

ჯერჯერობით, სენატის არჩევნების შედეგები მხოლოდ ერთ შტატში - ნევადაში არ დაუთვლიათ, სადაც მოქმედი დემოკრატი სენატორი კეტრინ კორტეს მასტო,  რესპუბლიკელ ადამ ლაქსალტს, შტატის ყოფილ გენერალურ პროკურორს უპირისპირდება.

უახლესი გამოთვლები აჩვენებს, რომ კორტეს მასტო, ლაქსალტთან უპირატეს მდგომარეობაშია, თუმცა ამერიკულ მედიას ჯერ არ შეუძლია იქ კენჭისყრის შედეგის პროგნოზირება.

არიზონა და ნევადა, 8 ნოემბრის შუალედური არჩევნების დღემდე სადავო შტატებად ითვლებოდა, სადაც რესპუბლიკურ პარტიას გამარჯვებისა და სენატზე კონტროლის მოპოვების დიდი შანსი ჰქონდა.

აღსანიშნავია, რომ რესპუბლიკელების ორივე კანდიდატმა - მასტერსმა და ლაქსალტმა უკმაყოფილება გამოთქვეს 2020 წლის არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით, რომელშიც ტრამპი დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ 8 ნოემბერს აშშ-ში შუალედური არჩევნები გაიმართა.