აშშ მადლიერია და კარგად ესმის პარტნიორებისა ევროკავშირში, რომლებიც უკრაინისა და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად სხვადასხვა ნაბიჯს დგამენ. შესაბამისი განცხადება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა Europetime-თან გააკეთა.
„შეერთებული შტატები აფასებს პარტნიორებს ევროკავშირში, რომლებიც იკვლევენ ყველა გზას უკრაინისა და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად“, - განუცხადა Europetime-ს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
- „ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან“ დაკავშირებით მკაფიო რჩება: ეს რეგიონები საქართველოს განუყოფელი ნაწილებია.
ამერიკის შეერთებული შტატები არასოდეს აღიარებს მოსკოვის ზრახვებს, უკანონოდ მიითვისოს უკრაინის ტერიტორიები. ნებისმიერი ასეთი ტერიტორია, უკრაინის შემადგენლობაში და მის განუყოფელ ნაწილებად რჩება“, - განაგრძო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
შეგახსენებთ, ევროკავშირის ქვეყნები შეთანხმდნენ, არ აღიარონ უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაცემული რუსული დოკუმენტები.
საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობა“ მოსკოვმა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გამოაცხადა. საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტოროულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან.
რაც შეეხება უკრაინას, დასავლეთმა მძიმე სანქციები რუსეთს მას შემდეგ დაუწესა, რაც მოსკოვი 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში შეიჭრა და დღემდე აგრძელებს ფართომასშტაბიან ომს. კრემლმა 2014 წელს მოახდინა ყირიმის ანექსია.
შეერთებული შტატები, მისი მოკავშირეები და პარტნიორები უკრაინის მხარდასაჭერად არიან გაერთიანებულნი. მათი პასუხი რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ერთიანია.
საერთაშორისო საზოგადოება ერთხმად აღნიშნავს, რომ ყალიბდება ახალი მსოფლიო წესრიგი და ეს არის გადამწყვეტი მომენტი როგორც ევროპის უსაფრთხოებისთვის, ისე მისი მომავლისთვის, რადგან თუ რუსეთს მიეცემა შესაძლებლობა, უკრაინაში მიაღწიოს მიზანს, ის თავისი იმპერიული ზრახვების განხორციელებას სხვა ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც ეცდება.
დასავლეთმა არაერთხელ დაფიქსირა, რომ ის მზადაა, კიევს გრძელვადიან პერსპექტივაში დაეხმაროს. ახლა კი, კიევზე რუსეთის მასიური სარაკეტო იერიშების შემდეგ, უკრაინის საჰაერო თავდაცვის უზრუნველყოფას აცხადებს პრიორიტეტად.