გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ დღეს „შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს“, უმნიშვნელოვანესი უწოდა.
პროექტის თანახმად, წყალქვეშა ელექტროკაბელით, საქართველო რუმინეთს უნდა დაუკავშირდეს და ევროკავშირის ქვეყნებს ელექტროენერგია მიაწოდოს. ცნობილია, რომ რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, ევროკავშირი რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულების შემცირებას ცდილობს და ალტერნატიულ პარტნიორებს ეძებს.
„შავი ზღვის ელექტროკაბელი, რომელიც ძალიან სიმბოლური მნიშვნელობისაა ყველასთვის, სიმბოლური ისტორიულად, იმდენად, რამდენადაც დააკავშირებს საქართველოს ევროპასთან, კავკასიას ევროპასთან და სიმბოლური იმიტომ, რომ ყელა დავინახავთ, რომ რუსეთის ომი უკრაინაში არის ის ფონი, როლის საფუძველზეც გვჭირდება სანდო პარტნიორები. სანდო,საიმედო პარტნიორები და მოკავშირეები იქნება ეს უსაფრთხოების სფეროში, ეკონომიკის სფეროში, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვნად ენერგეტიკულ სფეროში. საქართველო შეიძლება, იყოს ასეთი სანდო და საიმედო პარტნიორი“, - განაცხადა ვარჰეიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
- რას მოიცავს „შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი“ და რა სარგებელს მიიღებს საქართველო?
Europetime-თან, პროფესორი, ენერგეტიკის აკადემიის საპატიო პრეზიდენტი რევაზ არველაძე ამბობს, რომ „შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი“ საქართველოსა და ევროკავშირისთვის უმნიშვნელოვანესია.
- „ევროკავშირთან ენერგეტიკის სფეროში პირდაპირი კავშირი, ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. ეს მხოლოდ შავი ზღვითაა შესაძლებელი. ეს იდეა კარგა ხანია, არსებობს. ჩვენ ენერგეტიკის სექტორში, მხოლოდ თურქეთის მეშვეობით ვუკავშირდებით ევროპას. ეს კავშირი საკმაოდ სუსტია და იქ დამატებითი სიმძლავრის დამატება რთული იქნება“.
ამასთან, რევაზ არველაძე ამბობს, რომ „შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის“ სიმძლავრე უნდა გაიზარდოს, რადგან ამ შემთხვევაში, ეს პროექტი კომერციულად, უფრო მიმზიდველი იქნება.
- „ეს იქნება საკმაოდ ძვირი პროექტი. აქედან გამომდინარე უნდა არსებობდეს დიდი სიმძლავრეები. 1000 მეგავატის გასატარებლად, ამხელა ხაზის მშენებლობა კომერციულად არ იქნება საინტერესო. აქ უნდა იყოს საუბარი მრავალ ათას მეგავატზე, რომელიც საქართველოს გავლით ევროპამ უნდა მიიღოს. საქართველო, დამოუკიდებლად, ამხელა სიმძლავრის მობილიზებას ვერ შეძლებს, ამ პროექტში, აუცილებლად უნდა ჩაერთოს აზერბაიჯანი“.
არველაძის შეფასებით, იმ ჯგუფმა, რომელიც ახლა პროექტს აკეთებს, ეს უნდა გაითვალისწინოს.
- „მოლოდინი და გათვლები, რომ მზისა და ქარის ელექტროსადგურებით შევძლებთ დიდი სიმძლავრეების მიღებას, ეს რეალურია. მაგრამ ეს არასტაბილური წყაროებია, რადგან ქარსა და მზის ენერგიაზე ვართ დამოკიდებული, ევროპას კი სტაბილური მიწოდება სჭირდება. თუმცა გვაქვს შანსი, რომ ექსპორტზე „მწვანე ენერგიაც“ გავიტანოთ“, - აცხადებს არველაძე.
მისივე თქმით, ამ პროექტის მნიშვნელობა არამხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის ძალიან მაღალია. „ასევეა ევროპისთვისაც, იმიტომ რომ ეს იქნება დივერსიფიკაციის კიდევ ერთი გზა და ახალი შესაძლებლობაც“.
- შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი
„შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის“ განხორციელების შემთხვევაში, გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი საქართველოში, განახლებად ენერგიის სეგმენტში სოლიდურ ინვესტიციებს პროგნოზირებს.
- „იმედი მაქვს, რომ ეს მყისიერად გამოიწვევს საქართველოში განახლებადი ენერგიის წყაროებში კაპიტალდაბანდების ზრდას. ინვესტორების ინტერესი ჰიდრო, მზის და ენერგეტიკის სხვა მიმართულებებზე გაიზრდება. შესაბამისად, საქართველო გახდება სუფთა, „მწვანე ენერგიის“ ექსპორტიორი“, - აცხადებს ვარჰეი.
საქართველო-რუმინეთის დამაკავშირებელი შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი“ წყალქვეშა მაღალი ძაბვის გადამცემი ქსელის მოწყობას ითვალისწინებს. ინიციატივა მიზნად ისახავს სამხრეთ კავკასიის რეგიონის სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპასთან დაკავშირებას შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელის საშუალებით, რომლის მთლიანი სიგრძე დაახლოებით 1195 კმ. (95 კმ. სახმელეთო და 1100 კმ. წყალქვეშა ნაწილი) იქნება, ხოლო სიმძლავრე - 1000 მგვტ.
წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელი ასევე აღჭურვილი იქნება ციფრული კავშირით, რომელიც უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის ტელეკომუნიკაციას რუმინეთსა და საქართველოს შორის.
საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, შავი ზღვის ფსკერზე მაღალი ძაბვის გადამცემი კაბელის და ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტკაბელის ეკონომიკური დასაბუთებისთვის კვლევა მიმდინარეობს, რომელსაც მსოფლიო ბანკი აფინანსებს.
მანამდე პროექტის შესახებ წინასწარი შეფასება ჩატარდა და დადგინდა რომ მსგავსი ურთიერთკავშირის არსებობა როგორც რუმინეთის, ასევე სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ენერგეტიკულ სისტემასა და ეკონომიკაზე დადებით გავლენას იქონიებს.
„კვლევის ფარგლებში, სსე აქტიურად თანამშრომლობს რუმინეთის გადამცემი სისტემის ოპერატორთან – Transelectrica. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხრიდან პროექტის თაობაზე პერიოდული კონსულტაციები ტარდება რუმინეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკების შესაბამის სამინისტროებთან, სსე-ის მხრიდან – ზემოაღნიშნული ქვეყნების შესატყვის ენერგეტიკულ კომპანიებთან.
ტენდერით შეირჩევა კონტრაქტორი კომპანია, რომელიც გამოიკვლევს (Feasibility Study), თუ რა დაჯდება ზღვის დსკერზე საკაბელო სისტემის მშენებლობა, რა იქნება პროექტის სრული ბიუჯეტი, მანვე უნდა ჩაატაროს ეკონომიკური და ენერგეტიკული ანალიზი, მოამზადოს პროექტის იმპლემენტაციისა და შესყიდვების სტრატეგიის გეგმა“, - ნათქვამია სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციაში.
სატენდერო პირობებით, პროექტის კონსულტანტ ორგანიზაციას, მაღალი ძაბვის გადამცემი ქსელების ანალიზის, სულ მცირე 15-წლიანი გამოცდილება უნდა ჰქონდეს. ასევე წყალქვეშა კაბელების პროექტირების გამოცდილებაც.
ქართულმა მხარემ ამ პროექტში აზერბაიჯანიც მოიწვია. საქართველოს ეკონომიკის მაშინდელი მინისტრის, ნათია თურნავას, აზრით, „პროექტის კომერციულ მიმზიდველობას გაზრდის, თუ მასში ჩაერთვება რეგიონი, მათ შორის, აზერბაიჯანი, რომელიც დღესაც საქართველოს საიმედო პარტნიორია და მონაწილეობს ქვეყნის ელექტროენერგიით მომარაგების პროცესში მაშინ, როცა საქართველოს ბაზარი დეფიციტურია“.
სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ეს პროექტი ელექტროკაბელთან ერთად ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის მშენებლობასაც გულისხმობს.
„შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის მეშვეობით დადგინდება პროექტის პრაქტიკული განხორციელების შესაძლებლობები და საუკეთესო გზები. საკონსულტაციო კომპანიამ კვლევა 2022 წლის 11 მაისს დაიწყო და მისი დასრულება 18 თვის ვადაშია დაგეგმილი“, - ნათქვამია სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ინფორმაციაში.
ასევე წაიკითხეთ:
- ოლივერ ვარჰეი: ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია შავი ზღვის ელექტროკაბელის პროექტი, რომელიც საქართველოდან ევროპაში მწვანე ენერგიას მიიტანს
- ოლივერ ვარჰეი: შავი ზღვა ჩვენი გეგმების ცენტრია