2023 წელს ჯანდაცვის დაფინანსებაზე გამოყოფილია 1 მილიარდ 600 მილიონ ლარზე მეტი, რომლის ფარგლებშიც, გათვალისწინებულია სასწრაფო დახმარების სამსახურის პერსონალის ხელფასების 10%-იანი მატება. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა პარლამენტში 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას ისაუბრა.
მისივე თქმით, ასევე, დაგეგმილია სოფლის ექიმებისა და ექთნების ხელფასების 100 ლარით ზრდა.
„2023 წელს ჯანდაცვის დაფინანსებაზე გამოყოფილია 1 მილიარდ 600 მილიონ ლარზე მეტი, რომლის ფარგლებში: საყოველთაო ჯანდაცვის დაფინანსება შეადგენს 850 მილიონ ლარს. პროგრამის ფარგლებში, მომდევნო წელს მნიშვნელოვნად გაფართოვდება ქრონიკული მედიკამენტების დაფინანსება. ასევე, რიგი მიმართულებებით განხორციელდება დაფინანსების ახალი - ე.წ. DRG მოდელის დანერგვა; პირველადი და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფაზე, მიიმართება 190 მილიონ ლარზე მეტი.
პროგრამის ფარგლებში, გათვალისწინებულია სასწრაფო დახმარების სამსახურის პერსონალის ხელფასების 10%-იანი ზრდა. ასევე, სოფლის ექიმებისა და ექთნების ხელფასების 100 ლარით ზრდა; ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის, გამოყოფილია 97 მილიონი ლარი; „კორონავირუსთან“ დაკავშირებული ხარჯები მცირდება თითქმის 500 მლნ ლარით და ამ ეტაპზე, გათვალისწინებულია 63 მლნ ლარამდე. მუნიციპალური ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება შეადგენს 85 მილიონ ლარს; ჯანდაცვის სხვა პროგრამებზე გამოყოფილია 340 მილიონ ლარამდე“, - განაცხადა ხუციშვილმა.