სად და როგორ ჩატარდება ვაქცინაცია საქართველოში - ამ თემაზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ბრიფინგზე ისაუბრა და ვაქცინაციის გეგმის დეტალები მედიას წარუდგინა.
„ყველაზე მთავარი პირობა, რომელიც ვაქცინამ უნდა დააკმაყოფილოს, ეს არის ავტორიზაციის სტატუსი - ჯანმოს ან მაღალი სანდოობის მარეგულირებლების მიერ უნდა იყოს აღიარებული. როგორ და სად მოხდება ვაქცინაცია - როგორც გითხარით, ტექნოლოგიურად, ცივი ჯაჭვი საკმაოდ კარგად არის გამართული, რომ ვაქცინაცია სწრაფად დაიწყოს და პროცესი არ შეფერხდეს. მაგრამ გასათვალისწინებელია ორი ძირითადი ფაქტორი - მინუს 80-იან ვაქცინას კომპლექსური ცივი ჯაჭვი სჭირდება და მისი მიწოდება რაიონულ დონეზე გართულება. ამდენად, ჩვენი მიზანია, ამ ტიპის ვაქცინაცია განხორციელდეს დიდ საავადმყოფოებში, სამ ქალაქში - თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში. ჰოსპიტლები შეირჩა და უკვე მიმდინარეობს პერსონალის ინფორმირება, რათა ისინი მოემზადონ და ვაქცინაცია განხორციელდეს“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
როგორც ცნობილია, მთავრობა მობილური ბრიგადების მობილიზების საკითხსაც განიხილავს, რაც თამარ გაბუნიას თქმით, იმ ბენეფიციარებისთვის იქნება საჭირო, რომლებიც ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებაში იმყოფებიან. მისივე თქმით, დეტალურად არის გაწერილი, რამდენი ბრიგადა როგორ იმუშავებს იმისთვის, რომ ვაქცინაციის მოცვით სასურველ გეგმას მივაღწიოთ
„თუ გადავალთ ფართომასშტაბიან მოცვაზე და რაიონულ და სოფლის დონეზე ვისაუბრებთ ვაქცინაციაზე, აქაც დაგვჭირდება მობილური ბრიგადები. არსებობს მსოფლიო გამოცდილება მასიური ვაქცინაციის ცენტრების მოწყობისთვის. ჩვენს გეგმაშიც არის ეს განხილული, რაც იქნება უკვე იმ ეტაპზე, როდესაც დავიწყებთ მასიურ ვაქცინაციას - უფრო მეორე კვარტლის შემდეგ, როდესაც პრიორიტეტული ჯგუფები იქნება მოცული და ორიდან რვა გრადუსამდე ვაქცინით გვექნება გაფართოებული შესაძლებლობა... ექიმები, სოფლის ექიმები, ეპიდემიოლოგები ჯანმოს მიერ მოწოდებული რეკომენდაციების შესაბამისად გადამზადდებიან იმ ადგილებში, სადაც ვაქცინაცია განხორციელდება.ტრენინგების პროცესი უკვე დასრულებულია და ძალიან ინტენსიურად გაგრძელდება მომდევნო ორი-სამი თვის განმავლობაში“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.
როგორც ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმაშია ნათქვამი, ვაქცინაციის დასახული მიზნის მისაღწევად 2021 წელს ქვეყანას დაახლოებით 3,979,300 დოზა ვაქცინა დასჭირდება, იმუნიზაციისთვის დადგენილი დანაკარგების გათვალისწინებით.
გეგმის თანახმად, გათვლები და მოცვის მაჩვენებელი დათვლილია 18+ მოსახლეობისთვის, რადგან დღესდღეობით არსებული ვაქცინები მხოლოდ 18+ მოსახლეობისთვის არის განსაზღვრული.
პრიორიტეტული (მაღალი რისკის) ჯგუფები და რიგითობა ასეთია: ჯანდაცვის სექტორის მუშაკები, სამიზნე მოსახლეობა 71,415, ჯგუფის მოცვის სამიზნე – 65%, ასაცრელი კონტინგენტი 46,420.
ხანგრძლივი მოვლის დაწესებულების ბენეფიციარები და პერსონალი, სამიზნე მოსახლეობა – 2,600, სამიზნე მოსახლეობა -65%, სულ ასაცრელი კონტინგენტის რაოდენობა – 1,560 ადამიანი.
75 ასაკის პირები, სამიზნე მოსახლეობა – 226,800, ჯგუფის მოცვის სამიზნე -60%, სულ ასაცრელი კონტინგენტის რაოდენობა – 136,080 ადამიანი.
65-74 ასაკის პირები – სამიზნე მოსახლეობა – 329,183, ჯგუფის მოცვის სამიზნე -60%, სულ ასაცრელი კონტინგენტის რაოდენობა – 197,510 ადამიანი.
ესენციური (ძირითადი) სერვისების მიმწოდებლები – სამიზნე მოსახლეობა 180,373, ჯგუფის მოცვის სამიზნე -60%, სულ ასაცრელი კონტინგენტის რაოდენობა – 108,224 ადამიანი.
55-64 ასაკის პირები – სამიზნე მოსახლეობა 478,400, ჯგუფის მოცვის სამიზნე -60%, სულ ასაცრელი კონტინგენტის რაოდენობა – 287,040 ადამიანი.
18-54 ასაკის ქრონიკული დაავადების მქონე პირები – სამიზნე მოსახლეობა 89,400 , ჯგუფის მოცვის სამიზნე -60%, სულ ასაცრელი კონტინგენტის რაოდენობა – 53,640 ადამიანი. ჯამში კი
ასაცრელი მოსახლეობის სხვა ჯგუფების რაოდენობა შეადგენს 1,434,567 ადამიანს, სამიზნე კი არის 60%, რაოდენობრივად 860,740 ადამიანი.
ჯამში საუბარია 1,691,214 ადამიანზე, რაც მოსახლეობის 60%-ს შეადგენს.
დღეს საქართველოს მთავრობამ კორონავირუსის ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმა დაამტკიცა.