ენტონი ბლინკენი: აშშ უკრაინას „სარაკეტო ინციდენტის“ შესახებ სრულ ინფორმაციას უზიარებს

შეერთებული შტატები უკრაინას უზიარებს სრულ ინფორმაციას პოლონეთის ტერიტორიაზე რაკეტის ჩავარდნასთან დაკავშირებით. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ბანგკოკში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჩვენ რეგულარულ კონტაქტზე ვიყავით ჩვენს უკრაინელ პარტნიორებთან. ჩვენ ვუზიარებთ ინფორმაციას, რაც გვაქვს", - განაცხადა ბლინკენმა.

ბლინკენმა აღნიშნა, რომ გამოძიება გრძელდება, მაგრამ აშშ-ს „ჯერჯერობით არაფერი აქვს ისეთი, რაც ეწინააღმდეგება პოლონეთის პრეზიდენტის, ანდჯეი დუდას წინასწარ შეფასებას, რომ სავარაუდოდ, უკრაინის საჰაერო თავდაცვის შედეგად, სამწუხაროდ, პოლონეთში ჩავარდა რაკეტა.

მისივე თქმით, რაც არ უნდა იყოს ამ ინციდენტის დეტალები, რუსეთი არის პასუხისმგებელი იმაზე, რაც მოხდა“, მოსკოვის აგრესიული სარაკეტო დარტყმებისა და ომის გაგრძელების გამო.


15 ნოემბერს, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ორი რუსული რაკეტა პოლონეთის სოფელ პრჟევოდოვოში ჩამოვარდა, რომელიც უკრაინის საზღვართან ახლოს მდებარეობს. დაიღუპა ორი ადამიანი.

პოლონეთის პრეზიდენტის საერთაშორისო პოლიტიკის ბიუროს ხელმძღვანელმა იაკუბ კუმოჩმა 17 ნოემბერს განაცხადა, რომ პოლონურ-ამერიკულმა საგამოძიებო ჯგუფმა რაკეტის ნარჩენები შეისწავლა და ტრაექტორია გამოთვალა. როგორც კუმოჩმა განაცხადა, არსებობს მტკიცებულება, რომ ეს იყო უკრაინული რაკეტა.

უკრაინული მედიის ცნობით, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ არავინ ადანაშაულებს უკრაინას პოლონეთის ტერიტორიაზე განზრახ დარტყმაში, რადგან „რუსეთმა, იმ დღეს დაბომბა უკრაინა და სწორედ რუსეთს ეკისრება სრული პასუხისმგებლობა“.

16 ნოემბერს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უარყო NATO-სა  და პოლონეთის განცხადება იმის შესახებ, რომ პოლონეთის ტერიტორიაზე სავარაუდოდ, უკრაინული რაკეტა  ჩამოვარდა.

ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა ერთობლივი გამოძიების დაწყებისკენ  მოუწოდა და განაცხადა, რომ უკრაინა მზადაა, „რუსული კვალის მტკიცებულებები წარადგინოს“.