პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ განაცხადა, რომ გამოძიებაში უკრაინელი ოფიციალური პირების ჩართვა, პოლონეთისა და შეერთებული შტატების თანხმობას მოითხოვს.
მისი განმარტებით, თუ უკრაინელ სტუმრებს სურთ პროცედურების ნახვა, მათ შეუძლიათ, ეს პროცედურები ნახონ, მაგრამ თუ საქმე ეხება გამოძიებაში მონაწილეობას, ინფორმაციასთან და დოკუმენტებთან წვდომას, ეს მოითხოვს საერთაშორისო შეთანხმებებს.
დუდამ არ დააკონკრეტა, მისცემს თუ არა პოლონეთი ასეთ წვდომას უკრაინას.
ანდჯეი დუდამ განაცხადა, რომ გამომძიებლებმა პოლონეთის მიწაზე მეორე რაკეტის კვალი ვერ იპოვეს, როგორც ამის შესახებ ზოგიერთი მედია იტყობინებოდა.
„ჩვენს საზღვარზე ომია. რუსეთმა ასობით რაკეტა გაუშვა, უკრაინა თავს იცავდა. არავის სურდა ვინმესთვის ზიანის მიყენება პოლონეთში. ეს არის ჩვენი საერთო ტრაგედია“, - განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა.
15 ნოემბერს, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ორი რუსული რაკეტა პოლონეთის სოფელ პრჟევოდოვოში ჩამოვარდა, რომელიც უკრაინის საზღვართან ახლოს მდებარეობს. დაიღუპა ორი ადამიანი.
პოლონეთის პრეზიდენტის საერთაშორისო პოლიტიკის ბიუროს ხელმძღვანელმა იაკუბ კუმოჩმა 17 ნოემბერს განაცხადა, რომ პოლონურ-ამერიკულმა საგამოძიებო ჯგუფმა რაკეტის ნარჩენები შეისწავლა და ტრაექტორია გამოთვალა. როგორც კუმოჩმა განაცხადა, არსებობს მტკიცებულება, რომ ეს იყო უკრაინული რაკეტა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ არავინ ადანაშაულებს უკრაინას პოლონეთის ტერიტორიაზე განზრახ დარტყმაში, რადგან „რუსეთმა, იმ დღეს დაბომბა უკრაინა და სწორედ რუსეთს ეკისრება სრული პასუხისმგებლობა“.
16 ნოემბერს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უარყო NATO-სა და პოლონეთის განცხადება იმის შესახებ, რომ პოლონეთის ტერიტორიაზე სავარაუდოდ, უკრაინული რაკეტა ჩამოვარდა.
ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა ერთობლივი გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ უკრაინა მზადაა, „რუსული კვალის მტკიცებულებები წარადგინოს“.