ჯო ბაიდენი: ნაკლებად სავარაუდოა, რომ პოლონეთში აფეთქებული რაკეტა რუსეთიდან ისროლეს

Reuters-ის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ბალიზე, G20-ის სამიტზე ვიზიტისას, განაცხადა, რომ რაკეტა, რომელიც პოლონეთში აფეთქდა, სავარაუდოდ, რუსეთის ტერიტორიიდან არ იყო ნასროლი.  

„არსებობს წინასწარი ინფორმაცია, რაც ამას ადასტურებს. არ მსურს ამაზე საუაბრი, სანამ სრულად არ გამოვიძიებთ, მაგრამ ტრაექტორიით ნაკლებად სავარაუდოა, რომ ის რუსეთიდან გაესროლათ. თუმცა, ვნახავთ“, - განაცახდა ბაიდენმა შეკითხვის საპასუხოდ, იყო თუ არა პოლონეთში ჩამოვარდნილი რაკეტა რუსეთიდან ნასროლი.


მანამდე, პოლონეთისადმი მხარდამჭერი პირველი განცხადება ბალტიისპირეთის ქვეყნებმა გააკეთეს.

NATO-ს ტერიტორიაზე რუსული რაკეტის ჩავარდნის შესახებ ცნობებზე, ალიანსის გენმდივანმა პირველი კომენტარი პრეზიდენტ ანდჯეი დუდასთან სატელეფონო საუბრის შემდეგ გააკეთა.

უკრაინასთან საზღვრის სიახლოვეს აფეთქების შემდეგ, პოლონეთმა სამხედროების მზადყოფნის დონე აამაღლა.

რუსეთის მტკიცებით, პოლონეთის ტერიტორიაზე რუსული რაკეტების ჩავარდნის შესახებ ცნობები, „მიზანმიმართული პროვოკაციაა”.

აშშ-მ განაცხადა, რომ მომხდარის შესახებ ცნობებს სწავლობს და მოკავშირეებთან აქტიურ კომუნიკაციაშია. თავის მხრივ, NATO მოკავშირეებთან მოლაპარაკებებს მართავს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ორი რუსული რაკეტა პოლონეთის სოფელ ფშევოდუვში ჩამოვარდა, რომელიც უკრაინასთან საზღვართან ახლოს მდებარეობს.

მომხდარს ორი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. პოლონეთმა მსხვერპლისა და აფეთქების შესახებ ინფორმაცია დაადასტურა, თუმცა რა მოხდა კონკრეტულად, ვარშავას ოფიციალურად არ განუცხადებია და რუსული რაკეტების შესახებ, არც მედიაში გავრცელებული თავდაპირველი ცნობები დაუდასტურებია.

ცნობისათვის, NATO-ს მე-4 მუხლი ბოლოს, 24 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ამოქმედდა.

ალიანსის ისტორიაში, მე-4 მუხლი სულ შვიდჯერ გამოიყენეს.

უფრო ადრე მისი ამოქმედება თურქეთმა მოითხოვა.