საქართველოს ინფრასტრუქტურულ სფეროში ინვესტიციების განხორციელებას ძალიან დიდი პოტენციალი აქვს, ამის შესახებ საქართველოში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა, ჭოუ ცინმა Europetime-ის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.
ჩინეთის ელჩის თქმით, აუცილებელია, რომ საქართველომ თავისი გეოგრაფიული მდებარეობა გამოიყენოს და კარგად ჩაერთოს გლობალური მიწოდების ჯაჭვებში, დააინტერესოს ჩინელი ინვესტორი, თუ რატომ უნდა განახორციელოს საქართელოში ინვესტიციები.
„ჩინეთსა და საქართველოს მაღალი ხარისხის პოლიტიკური ურთიერთნდობა აკავშირებთ. ძალიან კარგი პოლიტიკური საფუძველი არსებობს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის განვითარებისთვის.
რაც შეეხება სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობას, საქართველოს ძალიან ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა აქვს, ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი, რომელიც ჩაერთო „ერთი სარტყელი - ერთი გზის“ ინიციატივაში და ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც ამ თემაზე საერთაშორისო ღონისძიება ჩაატარა.
ჩინეთში არის სოციალისტური საბაზრო ეკონომიკა. ინვესტიციების მიმართულებას ბაზრის მოთხოვნები განსაზღვრავს. საქართველოში, ყველაზე დიდი ინვესტორი ჩინეთიდან, „ჰუალინგ ჯგუფი“ გახლავთ. ისინი თბილისის ზღვაზე ავითარებენ უძრავ ქონებას. ასევე - სასტუმროების ბიზნესს, მათ ინვესტიციები საბანკო სექტორსა და ქუთაისის ინდუსტრიული ზონის განვითარებაშიც განახორციელეს.
საქართველოს ინფრასტრუქტურულ სფეროში ინვესტიციების განხორციელებას ძალიან დიდი პოტენციალი აქვს და ასევე, მნიშვნელოვანია ახალი ენერგიების კუთხით თანამშროლობა. საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა ძალიან მცირეა, შესაბამისად, ქართული ბაზარი პატარაა და ეს არის ერთ-ერთი დაბრკოლება. ამიტომ, აუცილებელია, რომ საქართველომ თავისი გეოგრაფიული მდებარეობა გამოიყენოს და კარგად ჩაერთოს გლობალური მიწოდების ჯაჭვებში, დააინტერესოს ჩინელი ინვესტორი, თუ რატომ უნდა განახორციელოს საქართველოში ინვესტიციები. პატარა ბაზარია, თუმცა უნდა დააინტერესოს იმით, რომ გლობალური მიწოდების ბაზარზე გავა.
მინდა, უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მხრივ, ჩინეთის გამოცდილება გაგიზიაროთ. რეფორმების საწყის პერიოდში, ჩინეთში დიდი რაოდენობით განხორციელებული უცხოური ინვესტიციების მიზეზი, იაფი მუშა ხელი იყო, მაგრამ დღეს სხვა მდგომარეობა გვაქვს.
ჩინეთში მუშა ხელი დღეს ძვირია, ვიდრე საქართველოში, მაგრამ ჩინეთში კვლავ გრძელდება უცხოური ინვესტიციების განხორციელება. რა არის ამის მიზეზი: ჩვენ მუდმივად ვაუმჯობესებთ საწარმოო ჯაჭვებს.
ვფიქრობ, კიდევ უფრო მეტი უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რომ ჩინურ კომპანიებს ვაჩვენოთ საქართველოს უპირატესობა, ასევე მნიშვნელოვანია ხელსაყრელი საინვესტიციო პირობების შექმნა. ჩვენ გვაქვს ისეთი ქვეყნების მაგალითები, როგორიცაა, სამხრეთ კორეა, სინგაპური, სადაც მთავრობები ძალიან კარგ პირობებს ქმნიან. ვფიქრობ, ამ მხრივ, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას დიდი პერსპექტივა აქვს.
მთავრობამ ხელსაყრელი პირობების შექმნას საბაზრო ეკონომიკის პრინციპების საფუძველზე უნდა შეუწყოს ხელი და ბაზრის კანონზომიერებიდან გამომდინარე მოიზიდოს ინვესტიციები. ვიეტნამი და კიდევ სხვა ქვეყნები, უცხოური კაპიტალის მოზიდვაში ჩინეთის გამოცდილებას აქტიურად იზიარებენ და ჩვენ მზად ვართ, რომ საქართველოსაც გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება“, - განაცხადა ჩინეთის ელჩმა Europetime-ის შეკითხვის საპასუხოდ.
ცნობისთვის, ჩინეთსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა $1,6 მილიარდს გაუტოლდა. ჩინური კომპანიები, უცხოელი დონორების დაფინანსებით, საქართველოში ახორციელებენ ინფრასტრუქტურულ და ენერგეტიკულ პროექტებს. 2014 წელს საქართველოში ჩინეთიდან შემოსული საინვესტიციო კაპიტალი რეკორდული იყო და $218 მილიონი შეადგინა. ჩინური კაპიტალია განთავსებული საბანკო და კავშირგაბმულობის სექტორშიც.