ჩინეთსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა $1,6 მილიარდს გაუტოლდა. ჩინური კომპანიები, უცხოელი დონორების დაფინანსებით, საქართველოში ახორციელებენ ინფრასტრუქტურულ და ენერგეტიკულ პროექტებს. 2014 წელს საქართველოში ჩინეთიდან შემოსული საინვესტიციო კაპიტალი რეკორდული იყო და $218 მილიონი შეადგინა. ჩინური კაპიტალია განთავსებული საბანკო და კავშირგაბმულობის სექტორშიც.
რა ინტერესები აქვს ჩინეთს სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში და სად გადის ზღვარი ეკონომიკასა და გეოპოლიტიკას შორის, ამ და სხვა საკითხებზე Europetime პოლიტოლოგ, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორ ნიკა ჩიტაძეს ესაუბრა.
ET: 2022 წლის მონაცემებით ჩინეთი საქართველოს პირველი სავაჭრო პარტნიორია ექსპორტში, ხოლო იმპორტში მესამე. მანამდე ეს პოზიციები რუსეთს ეკავა. რამ გამოიწვია ამ მიმართულებით ჩინეთის სწრაფად დაწინაურება?
პირველ რიგში ეს განპირობებულია იმ ფაქტით, რომ ჩინეთსა და საქართველოს შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას თავისუფალი ვაჭრობის შესახებ, რომელიც 4 წელია ამოქმედდა. შესაბამისად, აქედან გამომდინარე ტვირთბრუნვა ორ ქვეყანას შორის, მნიშვნელოვნად გაიზარდა. 90-იან წლებში, როცა საქართველოსა და ჩინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა სავაჭრო ბრუნვა არ აღემატებოდა $10 მილიონს. დღეს კი ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა $1,5 მილიარდამდე გაიზარდა. ჩინეთი საქართველოს მესამე სავაჭრო ეკონომიკური პარტნიორია, ხოლო ქართული პროდუქციის ექსპორტის თვალსაზრისით პირველია.
ET: რა ინტერესები აქვს საქართველოს ჩინეთთან მიმართებით?
საქართველო დაინტერესებულია ჩინეთიდან ინვესტიციების მოზიდვით ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში. მათ შორის ენერგეტიკის, სატრანსპორტო, კავშირგაბმულობის სექტორებში. ასევე, საქართველო დაინტერესებულია, მაქსიმალურად იყოს ჩართული ჩინეთის მიერ წარმოდგენილ პროექტში. ესაა ერთი „სარტყელი- ერთი გზა“. ჩინეთის პრეზიდენტმა წარადგინა ინიციატივა, რომელიც გულისხმობს ევრაზიის დაახლოებით 60 ქვეყანას შორის თანამშრომლობის განვითარებასა და „ახალი აბრეშუმის“ გზის აღორძინებას. აქტიურად განიხილება ეს საკითხი და სხვადასხვა პროექტი უკვე ხორციელდება კიდეც.
ET: რა სურს ჩინეთს სამხრეთ კავკასიის რეგიონში და სად იკვეთება ორი ქვეყნის ინტერესები?
ჩინეთს სურს თავისი გეოპოლიტიკური მიზნების განმტკიცება, მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონებში. ჩინეთი რუსეთისგან განსხვავებით ახორციელებს „რბილი ძალის“ პოლიტიკას. ეს გულისხმობს ჩინეთის კულტურულ ექსპანსიას. ჩინეთმა დააფუძნა 100-ზე მეტი კონფუცის ინსტიტუტი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და მათ შორის საქართველოში. „თავისუფალი უნივერსიტეტის“ ბაზაზე ფუნქციონირებს კონფუცის ინსტიტუტი.
ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხითაც ჩინეთის ეკონომიკა ორიენტირებულია ექსპორტზე. ჩინეთის ექსპორტის მოცულობა აჭარბებს $2 ტრილიონს, ამიტომ არის დაინტერესებული საკუთარი პროდუქციის გასაღებით, მათ შორის საქართველოშიც. ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური, გეოსტრატეგიული, გეოეკონომიკური მდებარეობიდან გამომდინარე, ჩინეთი ასევე დაინტერესებულია რაც შეიძლება მეტი პროექტი განხორციელდეს საქართველოში, მეტი ჩინური კომპანია და პროდუქცია შემოვიდეს.
ET: სავაჭრო ურთიერთობების გარდა კიდევ რა არის ჩინეთის ინტერესი?
ჩინეთი ასევე დაინტერესებულია ბათუმისა და ფოთის ნავსადგურებით. რაც შეეხება სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას, შემთხვევითი არაა, რომ ჩინური კომპანიაა ჩართული აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის მშენებლობაში რიკოთზე, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია 53 გვირაბისა და 16 ხიდის მშენებლობა.
სამომავლო მიზანია, რომ ჩინურმა სატვირთო მანქანებმა გადაკვეთონ საქართველოს ტერიტორია. ამას ემატება „ბაქო-თბილისი-ახალქალაქი-ყარსის პროექტი“. ჩინეთი დაინტერესებულია, რომ ამ რკინიგზით, ევროპის მიმართულებით, უმოკლეს დროში, სადღაც 13-14 დღეში მოხდეს ჩინეთიდან საქართველოს ტერიტორიის გავლით ევროპისკენ ტვირთების გადაზიდვა. რაც შეეხება „ბაქო-თბილისი-ახალქალაქი ყარსის რკინიგზას“, პირველ ეტაპზე შესაძლებელია 5 მილიონი ტონა ტვირთის გადაზიდვა. მეორე ეტაპზე გამტარუნარიანობა 17 მილიონ ტონამდე გაიზრდება. ამ პროექტებში საქართველოსა და ჩინეთის ინტერესები ემთხვევა.
ET: ამ ფონზე ჩინეთი მაინც ინარჩუნებს მჭიდრო ეკონომიკურ კავშირებს რუსეთთან. ამ მიმართულებით რა შეიძლება შეიცვალოს?
რუსეთ-უკრაინის ფონზე, ჩინეთი თითქოს ახდენს იმის იმიტაციას, რომ რუსეთთან თანამშრომლობს. ჩინეთსა და რუსეთს შორის ტვირთბრუნვა სხვა და სხვა გათვლებით გაიზარდა 30%-მდე. 2021 წლის მონაცემებით $147 მილიარდს შეადგენდა. მაგრამ ჩინეთს სურს, გარკვეული პროდუქციის ექსპორტი განახორციელოს რუსეთის გვერდის ავლით და საქართველოს ტერიტორიის გამოყენებით. აქაც არსებობს თანამშრომლობის პოტენციალი საქართველოსა და ჩინეთს შორის.
ET: რაც შეეხება ჩინეთის მიზნებს საქართველოსა და კავკასიის რეგიონში, რა არის აქ მთავარი ეკონომიკა თუ გეოპოლიტიკა?
პოლიტიკა და ეკონომიკა ერთმანეთთანაა კავშირში. როცა ხდება ქვეყნებს შორის ეკონომიკური დაახლოება, იგივე ხდება პოლიტიკაშიც. თუ თანხვედრაა პოლიტიკაში და ეკონომიკის მიმართულებითაც, ეს ხელს უწყობს ვაჭრობის განვითარებას. ეს ყველაფერი ერთმანეთს ავსებს. მაგრამ ფაქტია, რომ ამ შემთხვევაში ჩინეთი, თავისი გეოპოლიტიკის გავლენას აძლიერებს „რბილი ძალის“ გამოყენებით, ეკონომიკური და კულტურული ასპექტების გაძლიერებით. მანამდეც ვახსენე „კონფუცის ინსტიტუტის“ გახსნა და ჩინური ექსპორტის გაფართოება, ეს ბუნებრივია, მაგრამ ამის მიღმა:
- ჩინეთს სურს, რომ ყველა რეგიონში ჩამოიშოროს მთავარი გეოპოლიტიკური კონკურენტები - ამერიკის შეერთებული შტატები და მათ შორის რუსეთი. ჩინეთი აქტიურად მუშაობს ცენტრალურ აზიაში, რომ განიმტკიცოს თავისი პოზიციები და ჩაანაცვლოს რუსეთი. რაც შეეხება კავკასიის რეგიონს, აქ ჩინეთი დაინტერესებულია, შეამციროს იგივე ევროკავშირის, აშშ-ის, რუსეთის გავლენაც და თვითონ განიმტკიცოს გეოპოლიტიკური პოზიციები. ამიტომაც, რეგიონში მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება და ჩინეთი დებს გარკვეულ ინვესტიციებს საქართველოს ეკონომიკაში, რომ ამით, პოლიტიკური სიმპათიები დაიმსახუროს. საქართველოს აქვს მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მდებარეობა. კავკასიის რეგიონს ჩინეთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. ჩინეთს სურს, კავკასიის რეგიონში ითამაშოს გლობალური როლი და ჩვენი ქვეყანა გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე პეკინის ყურადღებას იპყრობს.
ასევე წაიკითხეთ: