თურქეთი მზადაა, თურქმენული გაზი ტრანზიტით ევროპას მიაწოდოს

ანკარა მზადაა, თურქმენეთიდან ბუნებრივი აირი ევროპას ტრანზიტით მიაწოდოს. 

ამის შესახებ თურქმენული მედია, თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის (პარლამენტის) თავმჯდომარის მუსტაფა შენტოპის აშხაბადში ვიზიტის შემდეგ იუწყება.

მედიის ცნობით, პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ქვეყნებს შორის სავაჭრო და ეკონომიკურ სფეროში კონტაქტების დამყარების ფართო პერსპექტივები არსებობს და განაცხადა, რომ თურქეთი მზადაა, თურქმენული ბუნებრივი აირი ევროპას ტრანზიტით მიაწოდოს.

შეგახსენებთ, რომ თურქმენეთი ნავთობისა და ბუნებრივი აირის მარაგების მხრივ ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა მსოფლიოში. მისი გაზის მარაგი 126 მილიარდი კუბური მეტრით გაიზარდა ახლახან აღმოჩენილი საბადოების ინდუსტრიული განვითარების შედეგად.